„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირასაა, პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე აპირებენ, განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ აერთიანებს 11 ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთ-ერთია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გაერთიანება 2018 წლის ზაფხულში შეიქმნა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა, თუმცა მისმა კანდიდატმა გია ვაშაძემ არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.

მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

„არის ასეთი საუბარი, არ დაგიმალავთ, რომ მოხდეს გარკვეულწილად დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოპოვებული იყოს ყველა ოპოზიციური ხმა და არც ერთი ხმა არ დავკარგოთ, ჩვენი კვლევები და მონაცემებიც ამას უჩვენებს. შესაბამისად, ნამდვილად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ფიქრობს, მიიღოს მონაწილეობა არა ერთად, არამედ ცალკე, ჩვენც ცალკე და ა.შ.“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, თავად „ახალმა საქართველომ“, გაერთიანებაში შემავალი სხვა თანამოაზრეებისგან განსხვავებით, ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

გაერთიანებაში შემავალი სხვა პარტიის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ - წარმომადგენელი ნიკა მაჭუტაძე დარწმუნებულია, რომ ერთიანობა შენარჩუნდება.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არჩევნებში ჩვენს ერთობლივ მონაწილეობას. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმატი არის ერთიანი, მტკიცე. გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად,– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„კარგი დღე" – ოპოზიცია კონსტიტუციაში შესწორებებზე

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას გაერთიანება განხილვის შემდეგ უახლოეს დროს მიიღებს.

ამასთან, გაერთიანების მთავარი ფიგურა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ვერ ასახელებს, რა ფორმატით აპირებს პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ ხმების 1% უნდა მიიღოს, ბლოკმა - იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც არის მის შემადგენლობაში.

დღეისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებზე გასვლას ცალ-ცალკე აპირებს და გაერთიანებას მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის გეგმავენ.

ცესკოში რეგისტრაცია 14-მა პარტიამ გაიარა. არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0