თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიაღწია კონკრეტულ შეთანხმებებს საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჩიქოვანის განცხადებით, საქართველო საზღვრებს ორმხრივი წესით, ყოველგვარი პირობების გარეშე უხსნის გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს.
„იმ ხუთ ქვეყანასთან, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გახსნეს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც გახსნის საზღვარს“, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.
როგორც ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, ამ ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შემდეგი პირობები დადგინდა: ისინი პირდაპირი რეისით უნდა ჩამოფრინდნენ და ჩამოსვლისთანავე შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ტელეფონი.
ჩიქოვანის განმარტებით, მათივე თანხმობის, ან საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ვიზიტორებს აეროპორტშივე ჩაუტარდებათ PCR–ტესტი.
ასევე სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ექნებათ.
როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, აღნიშნული ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.
მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.
გასულ კვირაში ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომელთათვისაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრების გახსნის რეკომენდაციას აძლევს. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ, უნგრეთმა, ლატვიამ.
საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.