„კიდევ ერთი ნაბიჯი წინ" – გახარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოში 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად 30 დარჩება, თბილისში იქნება 8 ოლქი, დანარჩენ რეგიონებში – 22.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საარჩევნო სისტემის ცვლილება – ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს. ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა 1%-ზე მეტ ხმას მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 136-მა დეპუტატმა, ხუთი დეპუტატი იყო წინააღმდეგი, ერთმა თავი შეიკავა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
პარლამენტში არჩევნების საკითხი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განიხილეს

„პირველ რიგში მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, რომ ცვლილებები დაიწყოს, ქვეყანა გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე – ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე", – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანუ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში სამივე მოსმენა გაიარა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, საქართველოში 73 ერთმანდატიანი ოლქის ნაცვლად 30 დარჩება, თბილისში იქნება 8 ოლქი, დანარჩენ რეგიონებში – 22.

დღეს არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზეა ორიენტირებული.

სისტემას ემატება გარკვეული შეზღუდვა – ე.წ. „40%-იანი ჩამკეტი“. ამ ფორმულით ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

თუ შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დადგენილ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ გადაანაწილებენ სხვა პარტიებსა და ბლოკებს შორის, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ყველა ახალი ამბავი
0