საქართველო იარაღის წარმოების დაწყებას აპირებს – რა გეგმები აქვს თავდაცვის უწყებას

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისუ-25
სუ-25 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ აღადგინოს, დაამზადოს და გაყიდოს მოიერიშე Су-25, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოში დაიწყო მუშაობა ქვეყანაში ნატოს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო თვითმფრინავების, ყუმბარმტყორცნების, ყუმბარებისა და რაკეტების წარმოების საკითხზე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველომ აბუ-დაბიში გამოფენაზე IDEX 2019 ახალი ტიპის შეიარაღება წარადგინა>>

„აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს – ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ Су-25-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და შემდეგ გაყიდვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.

მისი აზრით, მსოფლიოში მრავალი კონფლიქტია და ქვეყნები თავდაცვის მიზნით ინტერესს გამოთქვამენ ამ ტიპის თვითმფრინავების მიმართ.

ქართული სამხედრო ტექნიკა - Sputnik საქართველო
ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა მსოფლიოს სხვა მწარმოებლებს კონკურენციას გაუწევს?

„გარდა იმისა, რომ შესაძლებელია Су-25 ქვეყანამ საკუთარი თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება, ეს კომერციული პროექტი გახდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკუთრებაშია მრავალი საფრენი აპარატი – თვითმფრინავი, ვერტმფრენი, რომლებსაც რემონტი ესაჭიროება და ამის განხორციელება შესაძლებელია არსებული ქარხნებით – „დელტათი“ და „ავიამშენით“. „დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ჯავშანჟილეტებს და სხვ. და ექსპორტზე გააქვს ეს პროდუქცია.

მინისტრის თქმით, ძალაშია ასევე ვაზნების წარმოების ქარხნის მშენებლობის დაწყების პირობაც.

„ჩემი დავალებით უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს უნიკალურ ხალხს, რომლებიც იქ მუშაობენ, მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში შესაძლოა ვაზნების საწარმო აშენდეს>>

ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ ეს საკმაოდ რთული პროექტია.

ყველა ახალი ამბავი
0