18:59 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (176)
94 0 0

განხილვას ორი ძირითადი არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია უზრუნველყოფენ. კითხვებს ინტერნეტის მეშვეობით მიიღებენ.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო შესწორებების საყოველთაო განხილვა 4 ივნისს დაიწყება და კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართვა ახალი სისტემით საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. 

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, განხილვის ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხსა“ და „აჭარის ტელევიზიაზე“ მოხდება – მოსახლეობა საკონსტიტუციო ცვლილებებს სატელევიზიო ეთერში გაეცნობა, კითხვებს კი ინტერნეტის საშუალებით დასვამს.

„საზოგადოებამ იცის, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოსა და საქართველოში ფორმატი შეიცვალა. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციებს, მაშინ ეს განხორციელდება ტელეკომუნიკაციის დახმარებით, უფრო ზუსტად კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დახმარებით საქართველოს მოქალაქეები საკონსტიტუციო შესწორებებთან დაკავშირებით კითხვების დასმას შეძლებენ, ხოლო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ექნებათ შესაბამისი ფორმატი და შესაძლებლობა ამ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის. ეს იქნება 4 ივნისს. საზოგადოებამ უკვე იცის, რა საკონსტიტუციო ცვლილებებთან გვაქვს საქმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ კონსტიტუციის მოთხოვნები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

განხილვაში მონაწილეობის მიღებას და კითხვების დასმას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც კითხვის გაგზავნა იქნება შესაძლებელი და, ამასთან, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად წესების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 1tv.ge-ზე ორშაბათს, 1 ივნისს. განხილვა 4 ივნისს, 22:30 საათზე დაიწყება. 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო შესწორებებს, ვიდრე ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას არ შეასრულებს.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად საჭიროა 112 დეპუტატის ხმა, მმართველი პარტიის „საპარლამენტო უმრავლესობას“ კი ამჟამად სულ 93 ხმა აქვს, ამიტომაც მას ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა სჭირდება. 

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორებების თანახმად, არჩევნების ახალ სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და პარლამენტში ადგილების გადანაწილების სისტემა.

წარმოდგენილ ვარიანტში 73-ის ნაცვლად 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქია, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი კი 1%. ბლოკების შემთხვევაში ბლოკმა არჩევნებში უნდა მიიღოს იმაზე არანაკლები პროცენტი, რამდენი სუბიექტისგანაც შედგება ის.

პარტია ან ბლოკი, ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი, არჩევნების შედეგად მიიღებს მხოლოდ იმაზე არაუმეტეს ერთი მეოთხედით მეტ მანდატს, ვიდრე მას პროპორციული არჩევნების შედეგად ეკუთვნის.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (176)

მთავარი თემები