18:01 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

სუს-ის ცნობით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული პირები ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

სუს-ის მტკიცებით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

„პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო >>

სუს-მა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

 

მთავარი თემები