11:49 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (66)
38 0 0

საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამემამულეებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე და ქართული დიასპორის დღე მიულოცა.

ვიდეომიმართვაში მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფოსა და დიასპორას შორის თანამშრომლობაზე COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. მან დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა პანდემიისგან გამოწვეულ რთულ პერიოდში თანამემამულეების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს>>

„პანდემიის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით საგარეო უწყებას ორი მთავარი ამოცანა დაესახა – უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება და ადგილზე მათთვის დახმარების აღმოჩენა. ჩვენმა სახელმწიფომ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და, შედეგად – საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეძლეს პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთში დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კოორდინაციაში აქტიურად ეხმარება საზღვარგარეთ მყოფ ქვეყნის მოქალაქეებს. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

25 მაისის მონაცემებით, საგარეო უწყება და საქართველოს საელჩოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონვირუსის პანდემიის დაწყებიდან ადგილზე დაეხმარნენ 21 198 თანამემამულეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნებაში – 12 720 ადამიანს.

ზალკალიანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტად რჩება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერსების დაცვა.

Google–მა საქართველო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა>>

მინისტრმა ასევე აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ მნიშვნელობა. კონკურსის შედეგად დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ის ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება კრიზისის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაზე, ასევე პროექტი დაეხმარება მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ფუნქციონირებას.

პროექტების განხორციელებაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილია 750 ათასი ლარი.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ურთიერთობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდულ საკითხებს და სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში.

„საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, კვლავ იქცეს ტურისტულად მიმზიდველ, უსაფრთხო დანიშნულების ადგილად და გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია, 1 ივლისიდან ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ვიზიტორებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი როლი და მოგიწოდებთ, საქართველოს საელჩოებთან ერთად კვლავაც აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოცენტრი 26 ფილმს აჩვენებს>>

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (66)

მთავარი თემები