04:28 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

ოპოზიცია უკვე ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და მისი დაკმაყოფილების შემდეგ მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავს.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ცხარე კამათის და მწვავე შეკითხვების ფონზე გაიმართა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით - ცვლილებები მთავრობას უფლებას აძლევს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე პანდემიის პერიოდში ერთპიროვნულად შემოიღოს შეზღუდვები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისს იწურება. მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა მოქმედი შეზღუდვების ნაწილი შენარჩუნდება.

ცვლილებები მთავრობას უფლებას აძლევს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხების რეგულირების იმ წესებით, რომლებიც განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისგან, აგრეთვე მოქალაქეების გადაადგილების უფლების, საკუთრების უფლების, შრომითი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის უფლებების, აგრეთვე ხალხის შეკრების უფლების რეგულირების სოციალური და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, რაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის აუცილებელი.

როგორც პროექტის ინიციატორმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ამ ცვლილებების შედეგად მთავრობას პანდემიის გავრცელების საფრთხის რეგულირების შესაძლებლობა ექნება.

ასეთ ფორმულირებას კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ამზადებს და მისი დაკმაყოფილების შემდეგ მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებს.

ოპოზიციის მთავარი პრეტენზია

საპარლამენტო ოპოზიცია შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შეზღუდვების დაწესების საკითხზე მთავრობის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

„დაარქვით „ჯანდაცვის სპეციალური ზომები“. სხვა სახელი დაარქვით და პარლამენტის როლი დატოვეთ. თუ დასახურია რამე, თქვენი აზრით, თქვენს ხელშია მაინც და რატომ ამბობთ თქვენს ფუნქციაზე უარს?!“ - მიმართა უმრავლესობას პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

მას ეთანხმებიან ოპოზიციის სხვა წევრებიც, რომლებიც მთავრობის იმპიჩმენტს აანონსებენ.

„ამ კანონს თუ მიიღებენ, ეპიდემიის არსებობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა აღარასდროს გამოცხადდება. კონსტიტუციით კი პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვალდებულებაა. საგანგებოს არგამოცხადება და უფლებების ამგვარად შეზღუდვა კი, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის საფუძველია. ხვალიდან უკვე იარსებებს პრემიერის, მთავრობასთან ერთად, იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი,“ - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

კანონპროექტში საფრთხე მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმაც დაინახეს.

„სამწუხაროდ, საპარლამენტო რესპუბლიკაში „ქართული ოცნება“ აპირებს შეზღუდოს პარლამენტის უფლებამოსილება და წინასაარჩევნო პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მთლიანი უფლებამოსილების გადაცემას მთავრობისთვის აპირებს. ჩვენი მოვალეობაა ვაკონტროლოთ მთავრობა და არა უკონტროლოდ გადავცეთ მას უფლებამოსილებები“, - განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტით უკმაყოფილოა ასევე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

„ეს არის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა. პარლამენტში დღეს წარმოდგენილი ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება ყველაზე მთავარ კანონს – კონსტიტუციას. გაუგებარია, აუხსნელია, პარლამენტის წევრს რატომ უნდა დაებადოს, მოუვიდეს თავში ასეთი აზრი, რომ მისი მთავარი ფუნქცია გადასცეს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პრეროგატივა კონსტიტუციით აქვს გარანტირებული პარლამენტს“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

ხელისუფლების არგუმენტები

ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ნაწილობრივ უკან დაიხია.

„თქვენ არ გაწყობთ საპარლამენტო კონტროლის არარსებობა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ პირველი მოსმენაა, და ეს განხილვის თემა გახდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონში უკვე გაწერილია კონსტიტუციის გათვალისწინების პრინციპი.

„ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ პანდემიის დროს, და პანდემია მუდმივად არ გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ კოლეგებს შესთავაზა ჩაიწეროს, რომ ის შემზღუდავი ღონისძიებები, რაც აღნიშნული კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს.

„იმ დროისათვის ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული იქნება და სიტუაცია ქვეყანაში უკვე გაირკვევა“, - განაცხადა კობახიძემ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც დარწმუნებულია, რომ ცვლილებები კანონიერია და კონსტიტუციის შესაბამისია.

„სწორედ ჩვენი რეკომენდაციით ჩაიწერა, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება. რეალურად ეს არის დროებითი და საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ეს საკარანტინო ღონისძიებები დროებით უნდა გატარდეს. დრო არის პირობადადებული და ამ შემთხვევაში არ შეიძლება ეს განუსაზღვრელი ვადით მოქმედებდეს, ის თუ რომელ დროზეა მიბმული, ეს დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობასა და საკარანტინო ზომებს შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ იზღუდება მხოლოდ გარკვეული უფლებები და ისიც დროებით, საჭიროების მიხედვით.

„მთავრობამ ამ კანონიდან გამომდინარე ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იმსჯელოს, რათა თანაზომიერად ჩაერიოს პირთა უფლებებში და მხოლოდ დროებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

უმრავლესობის არგუმენტები დეპუტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სკანდალური ცვლილებები პირველი მოსმენით 80 ხმით მიიღეს.

მთავარი თემები