07:06 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
10120

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნით აჩვენა, რომ „პატივს არ სცემს საქართველოს მთავრობას".

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ზელენსკი ინანებს უკრაინაში საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას, ისევე, როგორც ამის შესახებ თავის დროზე ინანა პოროშენკომ – ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკა პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში. 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე მოხდა – საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის ნებისმიერ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საპასუხოდ საქართველომ კიევიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გამოიწვია.

უკრაინიდან ელჩის გამოწვევის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საკადრო პოლიტიკა თითოეული სახელმწიფოს შიდა საქმეა, სააკაშვილი კი უკრაინის მოქალაქეა.

„ვფიქრობ, რომ ვლადიმირ ზელენსკი ამ კუთხით პოროშენკოს ბედს გაიმეორებს და ინანებს სააკაშვილის ხელმძღვანელ პოსტზე დანიშვნას. თუმცა, კიევის მოქმედებებზე ბევრი კომენტარის გაკეთება არ მინდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „უკრაინულმა მხარემ ამ ფორმით აჩვენა, რომ პატივს არ სცემს საქართველოს მთავრობას".

„სააკაშვილის წინააღმდეგ ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ის არის ადამიანი, რომელზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ ძებნა გამოაცხადა. და როდესაც სტრატეგიული პარტნიორი მას მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს, ეს მიანიშნებს, რომ უკრაინა საქართველოს მთავრობას და მართლმსაჯულებას არაფრად აგდებს“, – აღნიშნა ბურჯანაძემ. 

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთვა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

მთავარი თემები