18:25 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

თბილისის მერმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის თვალსაზრისით, სააკაშვილი საუკეთესო ხელმძღვანელი არ ყოფილა.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnk. არც ქართველ ხალხს და არც უკრაინელ ხალხს არ უნდა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისნაირი დესპოტი და ავანტურისტი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინული არხ 112-ის ეთერში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და  ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. თუმცა ოფიციალური წინადადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის თაობაზე რადაში არ წარუდგენიათ. სააკაშვილის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მმართველ პარტიაშიც არის. სავარაუდოდ, მას რეფორმების ნაციონალურ საბჭოში სხვა თანამდებობას შესთავაზებენ.

„არც საქართველოს, ქართველ ხალხს და არც უკრაინას, უკრაინელ ხალხს არ უნდათ სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტი და დესპოტი. ეს დაამტკიცეს საქართველოში, ეს დაამტკიცეს უკრაინაში, როდესაც დანიშნული იყო ოდესის ოლქის გუბერნატორად. პროვოკაციებისა და პირადი პოლიტიკური ქულების დაწერის გარდა, მას არაფერი გაუკეთებია“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის თვალსაზრისით, სააკაშვილი საუკეთესო ხელმძღვანელი არ ყოფილა.

„რაც შეეხება იმას, რა გააკეთა სააკაშვილმა საქართველოში, ეს კითხვა დაუსვით ქართველ ხალხს და დეტალურად მოისმენთ იმ საშინელებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მან ჩაიდინა საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ 2003 წელს საქართველოში ყველას სჯეროდა, რომ სააკაშვილი გაატარებდა რეფორმებს, მაგრამ ამ რეფორმების ფასი იყო მედიის მონოპოლიზება, პატიმრების წამება, საყოველთაო მიყურადება და პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„საბოლოოდ, ამ ყველაფრის მიზანი იყო ძალაუფლების შენარჩუნება, მოწინააღმდეგეების მოცილება და საკუთარი კომფორტის ზონის გაფართოება. სააკაშვილს შეუძლია, იმოქმედოს მხოლოდ ავტორიტარულ გარემოში. დემოკრატიის პირობებში ის მარგინალი ხდება. ამიტომ, უნდა დაფიქრდეს ყველა, ღირს თუ არა შეიქმნას ძალადობრივი რეჟიმი სააკაშვილის ავანტიურისტული მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

„სააკაშვილი არის ავანტიურისტი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე; არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პრინციპი; რომელიც არაფრად აგდებს სახელწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში პრობლემებს შექმნის, მაგრამ ამის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინაში უფრო მეტი პრობლემა იყოს.

დღესდღეობით სააკაშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის უკრაინის მოქალაქეა და ბოლო დროს სწორედ უკრაინაში ცხოვრობს. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი გახდა მიზეზი ინტერპოლისთვის, უარი ეთქვა ქვეყნის ექსპრეზიდენტის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებაზე.

ამასთან, სააკაშვილი ჯერ კიდევ იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასამართლოს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე. ექსპრეზიდენტს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მას დაემატა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2007 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალების გამო.

სააკაშვილი ბრალდებულია ასევე 5 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში.

სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამ კი მოქალაქეობა მიანიჭა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არა მარტო არ შეასრულა რეგიონის განვითარების პირობა, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს. კიევში დაბრუნება მან ახალი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ მოახერხა. სააკაშვილის მიერ უკრაინაში შექმნილი პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის რადაში ვერ მოხვდა.

მთავარი თემები