თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ნებისმიერ სახელმწიფო თანამდებობაზე საქართველოსა და უკრაინას შორის ნდობის დეფიციტს გამოიწვევს, რადგან ეს მიუღებელია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. თუმცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის შესახებ ოფიციალური წარდგინება რადაში არ მომხდარა და თავად უკრაინის მმართველ პარტიაში სააკაშვილთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობს.
„როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კორუფციულ დანაშაულებშია ბრალდებული“, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისი თქმით, სააკაშვილის დანიშვნის გამო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას შეიძლება ბზარი გაუჩნდეს.
„შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ, რას მოიგებს გზების გაყოფითა და ერთობის დასუსტებით ან საქართველო, ან - უკრაინა. პირადად მე, არც მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ვარიანტი დასაშვებია. ვერც წარმომიდგენია, რომელი ერთი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ჩვენს სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა და უგულებელყოს ჩვენი ინსტიტუტები და შეურაცხყოს ჩვენი საზოგადოება... ვწუხვარ ნდობის დეფიციტის გამო, რომელიც უკვე წარმოიშვა ჩვენს ქვეყნებს შორის, თუმცა მინდა ვცდებოდე და ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესები უფრო ღირებული და დასაცავი აღმოჩნდება, ვიდრე ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და გათვლები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული. ის დამნაშავედ ცნეს ძალადობისა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში პირთა ჯგუფის მიერ ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების ორგანიზებაში. მას დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, 2007 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის მას კიდევ სამი წლით პატიმრობა შეეფარდა. ის ასევე ბრალდებულია სახელმწიფო სახსრებიდან პირადი საჭიროების მიზნით 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის საქმეზე და 2007 წელს აქციის დაშლის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ. ამის შემდეგ ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შეერთებულ შტატებში, შემდეგ მიწვეულ იქნა სამუშაოდ უკრაინაში, სადაც მიიღო მოქალაქეობა და, შესაბამისად, დაკარგა ქართული პასპორტი. 2015 წელს სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან და დააარსა ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა".
მალევე მას ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო 2018 წლის თებერვალში ის პოლონეთში გააძევეს. სააკაშვილი კიევში დაბრუნდა 2019 წლის 28 მაისს, როდესაც უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.