თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. სხვა ქვეყნების მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიის დატოვება გარკვეული ვითარებების გამო არ შეუძლიათ, შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში კანონიერად დარჩნენ 30 ივნისამდე.
შესწორებები შევიდა მთავრობის 28 მარტის დადგენილებაში „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“.
შესწორებების თანახმად, უცხოეთის მოქალაქეები, ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 14 მარტამდე კანონიერად იმყოფებოდნენ და ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილი არიან, დარჩნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
- თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
- თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
- თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხვდება ზემოაღნიშნულ რომელიმე კატეგორიაში, მას მოეხსნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის დარღვევის გამო. მოქალაქემ რომელიმე კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება კანონიერად, თუ ის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით იმყოფება.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 21 მარტს აკრძალა საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით, დაკეტა საზღვრები უცხოეთის მოქალაქეების შემოსვლაზე.
ქვეყანაში დაწესებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს კომენდანტის საათი. არსებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს დღეს დაემატა ახალი აკრძალვებიც. კერძოდ, 17 აპრილის 12:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. დაიკეტა ყველა სასაფლაო ათი დღით. ასევე 17 აპრილიდან საქართველოში აუცილებელი ხდება სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში. აკრძალვებისა და შეზღუდვების დარღვევებისთვის საკმაოდ სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული.