03:31 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
10601

საპარლამენტო არჩევნების მოდელი 120/30, ერთპროცენტიანი ბარიერი და პარტია, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%–ს ვერ მიიღებს, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს – ასეთია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის შედეგები

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30–ზე მოდელით ჩატარდება. ამგვარ შეთანხმებას მიაღწიეს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციამ.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მმართველი პარტიიდან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატი ირაკლი კობახიძე. ოპოზიციიდან – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი, დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტიები შეთანხმდნენ მთავრობის დაკომპლექტების შესახებ, კერძოდ, პარტია, რომელიც ამომრჩევლის 40–პროცენტიან მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ასევე შეთანხმდნენ, რომ პარტიებისთვის ბარიერი 1%–ით განისაზღვროს.

მოლაპარაკებები კრიზისშია: „ქართული ოცნება“ გამოსავალს ეძებს>>

მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა, კვირის ბოლოს წარმოადგინოს საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების საკუთარი პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ.

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მაშინ განაცხადა, რომ პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი იქნება: 110 ადგილი პროპორციული სისტემით და 40 – მაჟორიტარულით, ხოლო გამსვლელი ბარიერის გაუქმების ან დაწესების და მისი სიდიდის საკითხის გადაწყვეტას ისინი მთლიანად ოპოზიციას ანდობენ.

„რამდენიმე დღეში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას წერილობითი სახით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება „40%-ის პრინციპი", რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ ხმებს მიიღებს, მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს", – აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც ჩანს, მმართველი პარტია 110/40–ზე მოდელის შეცვლას დათანხმდა და საბოლოოდ მხარეები 120/30–ზე მოდელზე შეთანხმდნენ.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია: საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ვადები იწურება>>

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები წელს უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

შესწორებების გასატანად „ქართულ ოცნებას" ოპოზიციონერი დეპუტატების ხმები სჭირდება – კონსტიტუციაში შესწორებების მისაღებად პარლამენტის შემადგენლობის 3/4-ის თანხმობაა საჭირო.

მმართველი გუნდი და ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებებს რამდენიმე თვე მართავდნენ.

მთავარი თემები