რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია: საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის ვადები იწურება

© Sputnik / Vladimir Umikashviliკარვვები პარლამენტის შენობასთან
კარვვები პარლამენტის შენობასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით შეშინებული საზოგადოება უკვე ნაკლებად ინტერესდება, გადავა თუ არა ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე.

მართალია, ეს უკვე უტოპიის სფეროა, მაგრამ გონიერი ექსპერტები ოპოზიციას მოუწოდებენ, ხისტი პოზიციები შეცვალონ და ხელისუფლების იმ წინადადებას დათანხმდნენ, რაც მაჟორიტარების 50-მდე შემცირებას ითვალისწინებს, რადგან 50 ნამდვილად უფრო ნაკლებია, ვიდრე 73. 

გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დახურული შეხვედრიდან ახალი ვერსია გააჟღერა. როგორც ის ამბობს, ხელისუფლება, შესაძლოა, „110/40“ ვარიანტზეც წავიდეს, რაც 110 დეპუტატის პროპორციული წესით არჩევას და 40 მაჟორიტარის არჩევას ნიშნავს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რეიტინგების და წერილების ომი ქართულ პოლიტიკაში

ამასობაში ოპოზიცია იმ ვარიანტისთვისაც ემზადება, რასაც ლიდერების მაჟორიტარებად დაყენება ჰქვია – ე.წ. „გეგმა B“. თუმცა, ყველაზე საინტერესოდ მაინც ის მოთხოვნა გამოიყურება – სანამ რომელიმე პარტია 40 პროცენტს არ აიღებს, მთავრობის დაკომპლექტების უფლება არავის უნდა მიეცესო. ძნელი სათქმელია, დათანხმდება თუ არა ამაზე ხელისუფლება. ზოგადად, განწყობა ისეთია, ხელისუფლების სპიკერები 50-დან 60 პროცენტამდე ხმების მიღებას ვარაუდობენ, ოპოზიციამ კი კვლევებით უკვე დაამარცხა ხელისუფლება.

რეალობა როგორია – წიწილებს პარტიები შემოდგომაზე დაითვლიან, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს.

საინტერესოა ოპოზიციის გეგმა მთავარი პოლიტიკური ლიდერების მაჟორიტარ კანდიდატებად დაყენების შესახებ. მაგალითად, თავის დროზე საპრეზიდენტოდ ივანიშვილის რჩეული გიორგი მარგველაშვილი ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. თუმცა ოპოზიციას, სავარაუდოდ, რეგიონებში უფრო გაუჭირდება მაჟორიტარული ოლქების მოგება, რადგან აქ სახელისუფლებო კონტროლი მართლაც უფრო მაღალია, ვიდრე დედაქალაქში.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
მალე ახალი მთავრობა გვეყოლება?

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი მაჟორიტარი თბილისს ეყოლება.

ოპოზიციურ ფლანგზე ნამდვილად შეინიშნება ერთსულოვნება, თუმცა გამოიკვეთა, რომ, მაგალითად, „ლელო“ არ აპირებს ერთიანი ოპოზიციის სულისკვეთება გაიზიაროს მაჟორიტარების ერთობლივად შერჩევის შესახებ, რადგან ამ ახლად დაფუძნებულ პარტიას აქვს გარკვეული რეიტინგი და ახალი სახეებიც შემოიკრიბა, პარლამენტში მოხვედრის შანსიც აქვს და გარკვეული როლის თამაშისაც. თუმცა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა თანხას ჩადებენ ბანკირები ამ სტარტაპ-პოლიტიკურ ბიზნესში.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მზადაა, რამდენიმე დათმობაზე წავიდეს. მათ შორის პირველი ისაა, რომ ხელისუფლება მთავრობის ფორმირების უფლებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებაზე მზადაა.

საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
2019 – სკანდალებისა და ლუსტრაციის წელი

ოპოზიციას, როგორც ჩანს, დასავლური მხარდაჭერის იმედი აქვს და ხელისუფლებას ყოველ ჯერზე ახალი ბარტყის გადმოგდებას სთხოვს... თუმცა მთავარი მაინც სწორედ რეგიონებში გასვლა და ხალხის გულის მოგებაა. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ უახლოეს დღეებში ხელისუფლება და ოპოზიცია. ყოველ შემთხვევაში, თუ მარტის პირველ ნახევარში საკონსტიტუციო ცვლილების შესატანად კომისია არ შეიქმნა, არჩევნები ძველი კანონით ჩატარდება. ხოლო ვინც მაგარია, ყველა სახის საარჩევნო კანონით მოიგებს არჩევნებს. როგორც ექსპერტი ირაკლი მელაშვილი აცხადებს, მთავარი პრობლემა ის კი არაა, როგორ ჩატარდება არჩევნები, მთავარი აქ ისაა, რომ საქართველოში არსებული ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემის გამო გამარჯვებული, ფაქტობრივად, ყველაფერს აკონტროლებს: ადგილობრივ ხელისუფლებასაც და ხელისუფლების სხვა შტოებსაც, რაც საშიშია და სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებებს იწვევს ქვეყანაში.

თუმცა, ამჯერად, იმედია, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებას მოახერხებენ და არჩევნებიც მეტ-ნაკლებად სამართლიან გარემოში ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0