ლავროვი თბილისში არ ჩამოვა – ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში გაიმართება

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველი დიპლომატების ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო
სტრასბურგი თუ თბილისი – სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი

საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, რუსეთის დელეგაციისთვის უნდა ემასპინძლა. აღნიშნულმა ფაქტმა ბევრი კითხვა გააჩინა, რამდენადაც საქართველოში მოქმედებს „კანონი ოკუპაციის შესახებ".

„ეს იყო ჩვენი მართლაც გულწრფელი სურვილი გვემასპინძლა ასეთი მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა… აქედან გამომდინარე, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების გათვალისწინებით, ამავე დროს არ დაზიანებულიყო ჩვენი კანონმდებლობა", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

თბილისში მინისტერიალის ჩატარების პრობლემა საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას უკავშირდებოდა – ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ოფიციალური თბილისი შიშობდა, რომ აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში არასასურველ ექსცესებს გამოიწვევდა.

ზალკალიანის განმარტებით, მინისტერიალის თბილისში ჩატარების შემთხვევაში საქართველოს ღონისძიებაში ყველა ქვეყნის მონაწილეობის უზრუნველყოფა ევალებოდა.

„მოგეხსენებათ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა. ჩვენ გვევალებოდა უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ ვიყავით მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, რომ ყველა შესაძლო სცენარი განგვეხილა. არსებობს სხვა ქვეყნების პრეცედენტები, როდესაც გამოინახა ამის შესაძლებლობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა რესურსი გვქონდა გამოყენებული. გუშინაც, ჟენევაში როდესაც შევხდი გენერალურ მდივანს, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტერიალი ჩატარდეს სტრასბურგში", – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რუსეთის დელეგაცია მიიღოს და „საქართველო აპირებს გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას“.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ ლავროვის გარეშე

საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა საქართველოს ოფიციალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ისჯება დიდი ჯარიმით ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამასთან, ოპოზიციამ უკვე დააანონსა საპროტესტო აქციის ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იქნებოდა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, თუმცა მისი შემადგენლობა არ დაუსახელებია. თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალის სხდომის გამართვის გამო ვითარების შესაძლო გართულებას კარასინმა „ხელოვნური პრობლემა“ უწოდა.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის წევრია 47 სახელმწიფო.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო. საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0