მერაბიშვილი ბრუნდება: კითხვა მეტია, ვიდრე პასუხი, სააკაშვილი კი რჩევებს იძლევა

© Sputnik / Alexander Imedashviliვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა – ყოფილი პრემიერის, საქართველოში პოლიციის რეფორმის ავტორის ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ვადის ამოწურვაა. ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდებს, თუ რომელ პარტიას შეუერთდება იგი.

ვანო მერაბიშვილმა – მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოვლისშემძლე „რუხმა კარდინალმა" შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე უნდა დატოვოს.

მისი პატიმრობის ვადა 20 თებერვალს იწურება. მთავარი ინტრიგა საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვით ადრე არის კითხვა – აპირებს თუ არა მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას და ოპოზიციის გაძლიერებას.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ვანო მერაბიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდება

2012 წლის ნოემბერში ქვეყნის სათავეში კოალიცია „ქართული ოცნების" მოსვლამდე მერაბიშვილი სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი საყრდენი იყო და ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი როლი მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე შეასრულა.

იგი არის ავტორი, ექსპერტთა აზრით, საქართველოში ყველაზე წარმატებული რეფორმისა – ახალი ტიპის პოლიციის შექმნის. მის დროს გამოცხადდა დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა და ქუჩებში წესრიგი დამყარდა გადავსებული ციხეების ხარჯზე. მერაბიშვილმა ომი გამოუცხადა „კანონიერ ქურდებს".

რიგითი მოქალაქეები მერაბიშვილის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს არ განიცდიან, თუმცა ზოგჯერ იმ დროს მისტირიან, როდესაც შეიძლებოდა ქუჩაში ღია მანქანის დატოვება.

მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის მაისში დააკავა. მას ბრალი წაუყენეს ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მერაბიშვილის გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა

მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.

ვიდრე მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა, ადვოკატებმა მოახერხეს საქმის მოგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ მერაბიშვილის პატიმრობა გამოყენებულ იქნა, როგორც მასზე ზეწოლის საშუალება. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მოსარჩელესთვის ზიანის ასანაზღაურებლად 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს? უცხოური ექსპერტიზის შედეგები ცნობილია>>

მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პირველად მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გასული წლის შემოდგომაზე გაავრცელა. თუმცა კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს მერაბიშვილი გათავისუფლების შემდეგ, ჯერ არ არის ცნობილი.

ექსპერტები აქტიურად გამოთქვამენ ვარაუდებს. ვიღაც ელოდება, რომ ყოფილი მინისტრი დარჩება სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". სხვები ფიქრობენ, რომ იგი გადავა პარტიაში „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის", სადაც მერაბიშვილის ბევრი ძველი მეგობარია გაწევრიანებული.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა

ზოგიერთი ექსპერტი კი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის არჩევანს დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

„ის არ არის პოპულარული ფიგურა და არც ისე ძლიერი პოლიტიკოსია, რომ მის აქტიურობას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩება, მაგრამ განსაკუთრებულ აქტივობას მისგან არ ველოდები. თუ აქტიურობას მოისურვებს კიდეც, ეს არანაირად არ შეცვლის ამინდს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" პოლიტოლოგმა ვასო კაპანაძემ.

ანალოგიური აზრისაა პოლიტოლოგი ნანა დევდარიანიც.

„არა მგონია, რომ მისი გათავისუფლება ქართული პოლიტიკისთვის სერიოზული ფაქტორი იყოს. მეტიც, არა მგონია, რომ იგი განსაკუთრებით აქტიური იქნება. მაშინაც კი, როცა ხელისუფლების სათავეში იყო, ხშირად არც პარლამენტში ჩანდა, არც შემდგომ, როდესაც მინისტრი გახდა. ის საჭიროებისდა მიხედვით ჩნდებოდა სახალხოდ. საბოლოოდ მერაბიშვილი ვერ შედგა საჯარო პოლიტიკოსად... საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი მას არასდროს ჰქონია", – განუცხადა დევდარიანმა „Sputnik-საქართველოს".

მერაბიშვილი: ჩემი შეწყალება საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალზე სარისკოა>>

ისევ ციხე?

მერაბიშვილის გეგმებზე საუბარი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესაც უჭირს. „Sputnik-საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში მან პარალელი გაავლო სააკაშვილის კიდევ ერთ თანამებრძოლთან – თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავასთან, რომელმაც სასჯელი მოიხადა, მაგრამ ვერ მოასწრო ციხიდან გამოსვლა, რომ კვლავ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილს ახალი ვადა ემუქრება? - ადვოკატის კომენტარი

„გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილი შეიძლება ისევ დააბრუნონ ციხეში. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, თავისუფალი მერაბიშვილი სულაც არ არის საშობაო საჩუქარი მმართველი პარტიისთვის", – განაცხადა ცინცაძემ.

მან დასძინა, რომ სასამართლო მერაბიშვილის წინააღმდეგ მესამე სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, რომელიც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედისა"და ოპოზიციის აქციის დარბევას უკავშირდება.

სოსო ცინცაძე მერაბიშვილს პოლიტიკურ ასპარეზზე დიდ პერსპექტივას არ უწინასწარმეტყველებს. მისი თქმით, ექს-პრემიერი კარგი მენეჯერია, მაგრამ ლიდერის უნარებით არასდროს გამოირჩეოდა.

„გარკვეულ წრეებში მას აქვს რეიტინგი, მით უმეტეს, როცა კრიმინალი კიდევ ცოტაც და წაგვლეკავს, როცა ყოველდღე აცხადებენ, რომ ახალი მკვლელობა მოხდა. ასეთ ვითარებაში ზოგიერთს იმ დროის ნოსტალგია ეძალება, როდესაც ყველაფერი მშვიდად იყო, უსაფრთხოება და წესრიგი იყო ქალაქსა და პროვინციებში", – აღნიშნა ცინცაძემ.

ექს-პრეზიდენტი ექს-პრემიერს დასვენებას სთავაზობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ თანამებრძოლს გათავისუფლების შემდეგ ოჯახურ წრეში დასვენება ურჩია. ძნელი გასარკვევია – აღარ სჭირდებათ მერაბიშვილი თუ ეს მეგობრული მზრუნველობის ნიშანია.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
მერაბიშვილი: ვიბრძოლებ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთიანი იყოს

„ვანოს ადგილას დავბრუნდებოდი ოჯახში, ცოტას ვიმოგზაურებდი და მხოლოდ შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას", – განაცხადა ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა.

„რთულია იმის თქმა, მეგობრული იყო თუ არა მისი ეს განცხადება. მერაბიშვილი ექსპრეზიდენტისთვის პოტენციური მოკავშირეც არის და პოტენციური კონკურენტიც", – ფიქრობს ცინცაძე.

კითხვა, ელოდებიან თუ არა მერაბიშვილს „ევროპულ საქართველოში", ასევე პასუხგაუცემელია. პარტიების ლიდერები კომენტარებისგან თავს იკავებენ. ამის მიუხედავად, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ გაზეთ „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მერაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი და მენეჯერია.

„მერაბიშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუბრუნდეს თუ არა პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად დარჩება პოლიტიკაში. ის ჩემი მეგობარია და ყველამ კარგად იცის, რომ საპატრულო პოლიცია და მომსახურების სააგენტო მისი შექმნილია", – განუცხადა კახიძემ „რეზონანსს" 11 თებერვალს.

ექს-პრემიერი ციხეში რჩება – რატომ ეთქვა უარი მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე>>

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ მერაბიშვილთან შეთანხმებულია მორიგი x საათის – გაერთიანებული ოპოზიციის 4 აპრილს დანიშნული მასობრივი აქციის თარიღი.

თავად მერაბიშვილმა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მმართველი პარტია დაიშალა, ციხიდან გაავრცელა განცხადება, რომ საკუთარ მისიას ხედავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" გაერთიანებაში. ძალაშია თუ არა ეს გეგმა – ამას, ალბათ, მალე შევიტყობთ.

ყველა ახალი ამბავი
0