22:26 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
37 0 0

შოთაძემ პრიორიტეტებს შორი დაასახელა პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პროკურატურის გაძლიერება, სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების ნდობის ამაღლება - ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ის პრიორიტეტები დაასახელა, რომელზეც მომავალი წლების განმავლობაში იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტმა წინასწარი განხილვის გარეშე შოთაძე გენპროკურორად სამშაბათს დაამტკიცა.

„ყველაფერი, რაც საპროკურორო საბჭოში გასაუბრებაზე ვთქვი, იქნება ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აქტიურად ვაპირებ მუშაობას. ეს იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება. არის ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

რით არის ცნობილი შოთაძე?

36 წლის ირაკლი შოთაძემ გენპროკურორის თანამდებობაზე სამი წელი იმუშავა – 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წელს საზოგადოების ზეწოლის ფონზე მას შემდეგ დატოვა, რაც პროკურატურამ არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ № 51 საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში გარეული იყო პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა. ახალმა გამოძიებამ, რომელიც შოთაძის გადადგომის შემდეგ ჩატარდა, დაადგინა, რომ დავით სარალიძე ორმა პირმა, მათ შორის, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ნათესავმა მოკლა.

გარდა ამისა ოპოზიცია შოთაძეს პრეტენზიებს უყენებდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის გარემოებების გამოძიების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის და სხვა საქმეების გამო, რომლებშიც პოლიციელები ან სპეცსამსახურების თანამშრომლები ფიგურირებდნენ.

ამასთან, შოთაძის გენპროკურორობის პერიოდში უწყებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. უწყებაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა. გარდა ამისა, გაჩნდნენ სპეციალური პროკურორები ოჯახური ძალადობის საკითხებში, ასევე გაჩნდა გენპროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.

ამ პერიოდში გენერალურმა პროკურატურამ გახსნა რამდენიმე გახმაურებული საქმე, მათ შორის სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის" თაღლითობის საქმე, ჟურნალისტის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე.

მთავარი თემები