01:49 28 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1914
  • 100 RUB4.6313
  • USD2.8944
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5101

შოთაძე იმ ცხრა კანდიდატს შორისაა, რომელთა გვარები საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარედგინა.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. 

შოთაძე იმ ცხრა კანდიდატს შორისაა, რომელთა გვარები საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარედგინა. ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან, რომელიც მას 2015 წლიდან ეკავა, 2018 წლის 31 მაისს გადადგა.  შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები.

ბოლო მონაცემებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენილები არიან:

გრიგოლ გაგნიძე - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი;

რაულ გამისონია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი;

სოფიო შენგელია - „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი;

პაატა გაბელია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, იურიდიული კომპანია „სამართლის სახლის“ ადვოკატი;

ფიქრია ზირაქაშვილი - შპს „ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი;

ვალერიან ვაჭარაძე - იურისტი, „თბილისი ენერჯის“ მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი;

მერაბ გამყრელიძე - იურისტი, „ლიბერთი“ ბანკის დეპარტამენტის უფროსი;

დავით კლდიაშვილი - „საქართველოს ბანკის“ იურისტი;

ირაკლი შოთაძე - „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტი, ყოფილი გენერალური პროკურორი. 

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. შემდეგ კი საბჭო ხმების უმრავლესობით ერთ კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

გენერალური პროკურორი შეიძლება გახდეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

მთავარი თემები