08:53 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

HRW-ის აზრით, საქართველოში მთავარი პრობლემებია პოლიციელების დაუსჯელობა და სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაცია

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ (Human Rights Watch (HRW) გამოაქვეყნა 2020 წლის ანგარიში, რომლის ნაწილიც საქართველოს ეძღვნება.

HRW-ის მოხსენებაში ჩამოთვლილია ძირითადი პრობლემები, რომლებსაც, უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრით, საქართველოს მცხოვრებნი გასულ წელს აწყდებოდნენ. მათ შორისაა: პოლიციელების დაუსჯელობა, სუსტი შრომითი კანონმდებლობა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დისკრიმინაცია.

აქციები და დაკავებები

HRW-ის მოხსენების დიდი ნაწილი ეძღვნება ანტირუსულ საპროტესტო აქციებს, რომლებიც თბილისში 2019 წელს გაიმართა. 21 ივნისის ღამეს მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. იმ ღამით დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

როგორც „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშშია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე მომიტინგეები, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო 67 პოლიციელი და აქციის მხოლოდ შვიდი მონაწილე.

კიდევ ერთი პრობლემა, უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრით, არის არაპროპორციული პასუხისგებაში მიცემა. ასე მაგალითად, ივნისის აქციების შემდეგ პასუხისგებაში მიცემულია აქციის 19 მონაწილე და მხოლოდ სამი პოლიციელი.

შრომის უსაფრთხოება

HRW-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კიდევ ერთი პრობლემაა სუსტი შრომითი კანონმდებლობა.

„საქართველოს შრომითი კანონმდებლობა არასაკმარისად ზუსტად არეგულირებს სამუშაო დროს, დასვენების დროს, ყოველკვირეულ დასვენების დღეებსა და ღამის სამუშაოს, ასევე არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან შრომის ყველა პირობის ზედამხედველობას“, - აღნიშნულია მოხსენებაში.

ამასთან, როგორც ორგანიზაცია უთითებს, საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი დასაქმებულთა უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე. 

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, წელიწად-ნახევარში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) საქართველოში, სამუშაო ობიექტებზე, დაიღუპა 84 და დაშავდა 270 მუშა.

სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშში მოხვდა კიდევ ერთი თემა - ლგბტ-თემის წარმომადგენელთა უფლებების არასაკმარისი დაცვა.

კერძოდ, მაგალითის სახით ორგანიზაცია უთითებს 2019 წლის 22 ივნისს ღირსების მარშს, ასევე, ნოემბერში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს გამართულ საპროტესტო აქციებს.

შვედურ-ქართული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრებაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. საზღვარგარეთ ფილმმა აღიარება უკვე მოიპოვა და შვედეთიდან „ოსკარზეცაა“ წარდგენილი. საქართველოში პრემიერა ხმაურიანი საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა.

თბილისის რეაქცია

HRW-ის ანგარიში საქართველოს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ სკეპტიკურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ის „ოპოზიციის კარნახით“ დაიწერა.

„რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ანგარიში ყოველთვის მიანიშნებს იმ სექტორებზე, სადაც დამატებითი ყურადღებაა საჭირო. ამ დონის განვითარების ქვეყანაში რა ტიპის პრობლემებიც შეიძლება იყოს, მეტნაკლებად ყველა პრობლემა არსებობს და მთავრობამ ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოს. მაგრამ სამართალდამცველები კი არ არიან ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემა, თუ რიგითობაზეა საქმე, პრობლემა ნამდვილად არის, სამწუხაროდ, არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით კი არ ცდილობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი ნებისმიერი მეთოდებით გაანულონ“, - განაცხადა დეპუტატმა რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ეჭვი შეიტანა წყაროებში, რომლებითაც HRW ხელმძღვანელობდა.

„მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნებში როდესაც ასეთი სასაცილო შეუსაბამობები გვხვდება, მგონია, რომ ისინი პასუხს მოსთხოვენ ამ ორგანიზაციებს, რომლებიც მათ ამ ინფორმაციას აწვდიან. „ჰიუმან რაითს ვოჩი“ არის ორგანიზაცია, რომელიც კრიტიკისკენ არის მოდრეკილი. პოზიტიურ ნიუსებზე „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ორიენტირებული არ არის. აკრიტიკებს ძალიან განვითარებული ქვეყნების ბევრ ხელისუფლებას. ეს მისი სტილია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის უმთავრესი მიზანი დაასახელა >>

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ - არის უფლებადამცველი ორგანიზაცია, დაფუძნებული 1978 წელს. მისი შტაბ-ბინა აშშ-ში მდებარეობს. ორგანიზაციის სპეციალისტები ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს, გამოძიებასა და დოკუმენტირებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებენ.

მთავარი თემები