11:31 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)
14701

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სკანდალი მოაწყო.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიუხედავად ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა. ამ კანდიდატებს დეპუტატები უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან დილიდან დაიწყო, მოგვიანებით კი შენობაში გაგრძელდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი პარტიის დეპუტატებს მონები უწოდეს, რადგან ისინი გეგმავენ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად უღირსი ადამიანების დამტკიცებას. ყველაზე აქტიური „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია იყო.

თავიდან დეპუტატები დიდხანს დავობდნენ იმის შესახებ, რამდენად იძლეოდა პარლამენტის რეგლამენტი პლენარული სხდომის დღეს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალებას. შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, მიეცემათ თუ არა დეპუტატებს სიტყვის თქმის უფლება. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც მანდატურებმა ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით დარბაზი დაატოვებინეს – სერიოზული ინციდენტი მოხდა ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტთან.

მოგვიანებით ჟურნალისტები დარბაზში დააბრუნეს და მათ ოხანაშვილისგან განმარტება მოითხოვეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. „მე ეს არ დამინახავს“, – განაცხადა ოხანაშვილმა და მასმედიის წარმომადგენლებს წესრიგისკენ მოუწოდა.

თუმცა, ვითარება არ დამშვიდებულა. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ტრიბუნაზე ავიდა და სხდომის ჩაშლას შეეცადა, განაცხადა რა, რომ პროცესი არალეგიტიმურია. შედეგად მანდატურებმა ეს დეპუტატიც სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს და კომიტეტზე კენჭისყრა გაგრძელდა.

„ჩვენ თითოეულ მოსამართლეს პოლიტიკურ შეფასებას ვერ მივცემთ. პლენარული სხდომაზე გამოჩნდება – რამდენ კანდიდატს ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

„ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ლეგიტიმაცია ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ დანებდა იურიდიული კომიტეტი კლანს. ახლა უმრავლესობას და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის დროს ბოლო შანსი დარჩა. თუ იგი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ იგი საკუთარ თავზე აიღებს სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობასაც“, – განაცხადა ბესელიამ.

კანდიდატების სიაში აღმოჩნდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომლებსაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში" ადანაშაულებენ.

„ჩემთვის „ქართული ოცნება“ დღეს დასრულდა – როგორც პროგრესზე, მომავალსა და ღირებულებებზე ორიენტირებული პარტია. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გადაიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები... დღეიდან „ქართული ოცნება“ ჩვეულებრივ უზურპატორ პარტიად გადაიქცა, რომელიც არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან“, – განაცხადა მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა მიიღეს შემდეგმა კანდიდატებმა:

მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე

მირანდა ერემაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე

შალვა თადუმაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი

მამუკა ვასაძე, საქართველოს გენპროკურორის მოადგილე

მაია ვაჩაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ვლადიმერ კაკაბაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ლევან მიქაბერიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

ნუგზარ სხირტლაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

ნინო ქადაგიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

ქეთევან ცინცაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტი

ალექსანდრე წულაძე, იურიდიული ფირმა CLL Law Firm-ის პარტნიორი.

 

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)

მთავარი თემები