თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციამ დანაპირები შეასრულა და საპროტესტო აქცია მოაწყო პარლამენტთან, სადაც დღეს ქვეყნის უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება იგეგმება.
ოპოზიციონერები და ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის წევრები პარლამენტთან დილით ადრე შეიკრიბნენ. აქცია სახელწოდებით „არა არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს" ხმაურიანად მიმდინარეობს, პერიოდულად პოლიციასთან შეტაკებები ხდება.
ამ დროისთვის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, უარს ამბობდნენ სავალი ნაწილის გათავისუფლებაზე, რათა დეპუტატების პარლამენტის ტერიტორიაზე ავტომობილებით შესვლისთვის ხელი შეეშალათ.
ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პოლიცია ცდილობდა ის მანქანაში ჩაესვა, თუმცა, მას კანონი არ დაურღვევია.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე და რამდენიმე აქტივისტი მაინც დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ისინი დააკავეს თუ ტერიტორიას განარიდეს.
ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მოსამართლეებად დამტკიცებას.
ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს დაიწყო. ამ დღეს ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან გულისხმობდა. მოქმედი კონსტიტუციით, ეს 2024 წლიდან უნდა მოხდეს. მას შემდეგ ოპოზიციური ძალები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირებას ცდილობენ. ორჯერ აქციების დაშლა სპეცრაზმის დახმარებით მოხდა.