თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნების შერეულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა.
შოთა დიღმელაშვილი: პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას >>
საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა 14 ნოემბერს, და იმ დღიდან საქართველოში საპროტესტო აქციები არ წყდება.
„სამწუხაროა, რომ ვერ შევასრულეთ დაპირება. რა თქმა უნდა, დაზიანდა გუნდი. არამარტო მე, ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი ან პოლიტიკოსი განიცდის, როდესაც ამბობს და ვერ ასრულებს... მე ძალიან ვუფრთხილდები დაპირებებს, ათასჯერ ვზომავ იმას, რომ თუ პირდები, უნდა გააკეთო“, - განაცხადა ივანიშვილმა ტელეარხ „იმედზე“ გადაცემაში „პრაიმ შოუ“.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ „ქართულ ოცნებას“ პრინციპული დაპირება არ შეესრულებინოს.
„გუნდი დაზიანდა არა მარტო იმიტომ, რომ თავისი გაცხადებული ვერ შეასრულა, ბევრი ღირსეული წევრი ჩვენი გუნდიდან გავიდა და ესეც გუნდისთვის გარკვეული ზიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა.