თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. დეპუტატებმა პარლამენტში წამყვან თანამდებობებზე კანდიდატები დაამტკიცეს. ეს ადგილები ვაკანტური გასულ კვირაში გახდა.
საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო საპარლამენტო უმრავლესობამ 12 დეპუტატი დაკარგა. მათგან ბევრს მაღალი თანამდებობა ეჭირა.
პლენარულ სხდომაზე პირველი ვიცე-სპიკერი გახდა გიორგი ვოლსკი. ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი – გიორგი კახიანი, რომელიც ბოლო დრომდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ვიცე-სპიკერები გახდნენ ასევე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ამიერიდან უხელმძღვანელებს გურამ მაჭარაშვილი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს – ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს – დავით სონღულაშვილი, ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – ირაკლი ბერაია.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს გენადი მარგველაშვილი ჩაუდგება სათავეში, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
პარლამენტის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციები 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩავარდა.
თალაკვაძე ოპოზიციას ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს>>
დღეს, გამთენიისას მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს, წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ ისინი სპეცრაზმმა ტერიტორიიდან განდევნა. ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ გააგრძელებს შესასვლელების ბლოკირებას, რათა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა ნორმალური მუშაობა ვერ შეძლონ.