00:16 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
24800

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლებთან – გუბაზ სანიკიძესთან და ვალერი გელბახიანთან მოულოდნელი არ ყოფილა. გუბაზ სანიკიძემ ჯამის შესახებ ერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა პირდაპირ ეთერში.

და, მაინც, ამ გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ვისაც ახსოვს, როგორ დააპატიმრეს ვალერი გელბახიანი სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისას, ვისაც ახსოვს, როგორ ლანძღავდა გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტ სააკაშვილს ჟურნალისტებთან, არც ფაქტების დალაგება გასჭირვებიათ და არც იმის მტკიცება, რომ პოლიტიკაში, ქართულში მაინც განსაკუთრებით, მორალური კრიტერიუმები არ არსებობს. თუმცა ოპოზიციას ახლა უფრო დიდი მოწინააღმდეგე ჰყავს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სახით და თუ სააკაშვილი არ დაიხმარეს, როგორც ჩანს, ვერც საპარლამენტო სკამებს იხილავენ და ვერც – ხელისუფლებას, ასე, 2030 წლამდე მაინც. სწორედ ამიტომ გაჩნდა დევიზი – ყველა მინუს ერთი. მაგრამ ეს „ყველაც“ ვერ ახერხებს სიტუაციის ოპოზიციის სასარგებლოდ შეცვლას.

ძნელი სათქმელია, რა სთხოვა წმინდა გიორგის სააკაშვილმა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 16 წლის წინ რეფორმატორად და სახალხო გმირად მოვიდა ხელისუფლებაში, მერე უაზრო სისასტიკეს და ფავორიტების გამდიდრებას გადააყოლა ეს იმიჯი და ახლა იძულებულია ყოფილ მლანძღველებთან ერთად ვიდეოები ავრცელოს და ამით პოლიტიკური რეინკარნაციის შთაბეჭდილება შექმნას, აშკარაა, რომ სააკაშვილმა აშკარად დაკარგა წმინდა გიორგის მადლი.

მეორე მხრივ, საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება. საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში მისი დაპურებული ნაწილი მაინც, სულმოუთქმელად ელოდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას – რა დათმობაზე წავიდოდა აჯანყებული „ქართული ოცნება“. თუმცა პარტიის ის გადაწყვეტილება, რომელიც კახი კალაძემ გაახმოვანა, გულისხმობს ბევრ ადგილზე „სალომე ზურაბიშვილების“ მხარდაჭერას.

ანუ იმას, რომ სადაც კანდიდატები მოეწონებათ, იქ „ოცნება“ მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს არ დააყენებს.

დავით უსუფაშვილის აზრით, ხელისუფლება შეგნებულად ასხამს ცეცხლზე ნავთს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. და რა იქნება შემდეგ? გაზაფხულზე დანიშნული არჩევნები ისევ შერეული სისტემით, მაჟორიტარებისა და „ქართული ოცნების“ აშკარა უპირატესობის ფონზე ჩატარდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ოპოზიცია მეორე ტურებს მიაღწევს მაჟორიტარულ უბნებში. საახალწლოდ მაჟორიტარები უკვე აპირებენ გააქტიურებას.

და მოსახლეობის გულის მოსაგებად მზად არიან, ხარჯები თავად გასწიონ.

ის, რომ პროპორციული სისტემის ჩაგდება „ქართულ ოცნებაში“ დიდად არ სწყენიათ, იმითაც გამოჩნდა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, „ოცნებამ“ პარლამენტში სამი კომიტეტის თავმჯდომარედ სწორედ „ბუნტის მომწყობი" დეპუტატები დანიშნა.

სიტუაციის სიმწვავე აშკარაა, თუმცა ოპოზიციას დღეს ნამდვილად არ ჰყავს ლიდერი, რომელიც ხალხის კრიტიკულ მასას ქუჩაში გამოიყვანს. ამას ქარიზმადაკარგული სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრა ვერ შეცვლის. უფრო მეტიც, თუ ასპარეზზე ეს მრავალნაცადი პოლიტიკოსები დარჩნენ, „ქართული ოცნება“ მართლაც დიდხანს იქნება ხელისუფლებაში. ვნახოთ, მოესწრება თუ არა არჩევნებამდე დარჩენილ მცირე პერიოდში რეალური ალტერნატივის გამოჩენა.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

მთავარი თემები