თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, წინააღმდეგობა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს არ ექმნებათ.
გუშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებს პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ მათი მოთხოვნები შესრულდება. პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე და შენობის ყველა შესასვლელთან კარვებია გაშლილი. საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ამ დრომდე ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
პარლამენტის ტერიტორიაზე პირველი „ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე გამოჩნდა. მოგვიანებით მას შეუერთდნენ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გია ჟორჟოლიანი.
„ვინც ახლა საპროტესტო აქციაზე არიან, ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ. ასე არ არის. ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, რომ ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ მიაღწიონ რაღაცას“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
მანამდე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უკანონო უწოდა პარლამენტის შენობის პიკეტირების ფაქტს, თუმცა მოვლენების ამგვარ განვითარებაში მმართველი პარტიის დეპუტატები დაადანაშაულა, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგ მისცეს ხმა.
თბილისში საპროტესტო აქციები ხუთშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს: ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, არჩევნებამდე მოქმედი მთავრობის გადადგომა და ივნისის აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.