თბილისში 700-მდე ტაქსის მძღოლს ჯარიმებს ჩამოაწერენ

გამოწერა
თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომლის თანახმად, თბილისში 1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ტაქსის რეფორმა წარმატებული გამოდგა, მუხედავად იმისა, რომ მოდიოდა შემოტევები

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა. თითოეული კატეგორიისთვის წესების დაცვას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

კანონპროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ფინანსური ტვირთისგან 700-მდე მძღოლს გაათავისუფლებს.

„აღნიშნული ინიციატივა გამომდინარეობს იქიდან, რომ ტაქსის რეფორმის მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, უბრალოდ, ამ დღეს, რადგან რეფორმის პირველი დღე იყო, მძღოლების ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი, რომ ეს რეფორმა არ შედგებოდა, რომ ისინი შემოვლით გზებს აღმოაჩენდნენ და რაღაცნაირად აუვლიდნენ გვერდს ამ რეფორმას. აქედან გამომდინარე, გვინდა ეს ფინანსური ტვირთი, 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები მოვაშოროთ მათ", – განაცხადა წილოსანმა ჟურნალისტებთან.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზით 1 ოქტომბერს დაჯარიმდნენ.

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. თუმცა, აღნიშნული შემოწმება ლიცენზიის მქონე მძღოლების ავტომანქანებიდან მხოლოდ 70%-მა გაიარა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
„დაჯარიმდებით!" - კალაძემ ტაქსის მძღოლები გააფრთხილა

მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა. კატეგორიის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მძღოლებს, რომელთა ავტომობილებმაც ტექდათვალიერება გაიარეს. დღეისთვის თბილისში А კატეგორიის 7,7 ათასი ტაქსი და В კატეგორიის 8,8 ათასი ტაქსი მოძრაობს.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე შეძლებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

ყველა ახალი ამბავი
0