თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ თავად უნდა იზრუნოს თავისი ტერიტორიული პრობლემების გადაჭრაზე და ამისთვის რუსეთთან შეხების წერტილებია მოსაძებნი, განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა იყო აუცილებელი>>
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. სექტემბრის ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.
„საგარეო და საშინაო პრაგმატული პოლიტიკის გატარების კვალობაზეა ეს მშვიდობა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ", – განაცხადა ლილუაშვილმა ტელეარხ Imedi-ს გადაცემაში SWOT.
„არ უნდა ჩაითვალოს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად, თუ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის გამტარებელ პირებთან მოხდება რაიმე სახის შეხვედრა და კომუნიკაცია, ვინაიდან თუ ჩვენს ინტერესებს ჩვენ ვერ მივხედავთ, ამას ვერ გააკეთებს ვერც ერთი მეგობარი ქვეყანა ჩვენთვის", – აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა ისწავლოს რუსეთთან საუბარი, რათა გადაჭრას პრობლემები ისე, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროში ხდება.
მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM), მაგრამ, მისი თქმით, ამას მხოლოდ ლოკალური ხასიათი აქვს.
„თუ პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, რომ უნდა ესაუბრონ მაღალ პოლიტიკურ დონეზე რუსეთის შესაბამის წარმომადგენლებს, ეს, რა თქმა უნდა, გაგვიიოლებს პროცესს", – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა შეხების წერტილების პოვნა რუსეთთან. ერთ-ერთი ასეთი თემა შეიძლება ტერორიზმთან ბრძოლა იყოს.
„საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველო იყო ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, არის დღესაც და იქნება მომავალშიც. ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია რუსეთის სპეცსამსახურებთანაც კოორდინაციის რაღაც წერტილები მოვძებნოთ, ვინაიდან კავკასიაში მშვიდობა თანაბარი ინტერესის სფერო უნდა იყოს როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის, ასევე სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნისთვის... ეს შეიძლება იყოს განხილვის საგანი, ამაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ", – აღნიშნა სუს-ის უფროსმა.
მან ასევე ისაუბრა ტურიზმისა და კულტურის მიმართულებებზე.
გახარია საქართველო–რუსეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის იმედს გამოთქვამს>>
„უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს რაც შეიძლება მეტი დისკუსიის, მეტი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ფობიებს ვებრძოლოთ. რუსოფობია ვერ წაგვადგება, ვინაიდან ხალხი აბსოლუტურად გულღიად ხვდება იმ დიდ ტურისტულ ნაკადებს, რომლებიც რუსეთიდან მოედინება. ხალხში არ არის აგრესია რუსი ერის მიმართ… არ ვეთანხმებით, ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას საქართველოს მიმართ", – განაცხადა ლილუაშვილმა.