თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავარი მიზანია - მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, საშუალო კლასის გაფართოება-გაძლიერება და სტაბილურობის უზრუნველყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში საინვესტიციო ფორუმის გახსნაზე.
დაგვიანებული „საუკუნის პროექტი", ახალი შანსი და „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მოლოდინები >>
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ოთხშაბათს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობს ორი ათასზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან.
„უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას. და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერის სიტყვებით, საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური კავშირები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
„მიზნად გვაქვს დასახული, საქართველო ვაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრად... ამასთანავე, საქართველოს წინსვლა დადებითად წარმოჩინდება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და შეფასებაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ასევე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას.
„ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას... დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ ეს რეგიონი და ეს ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს დედაქალაქში უკვე მესამედ იმართება.