18:05 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი და კახა კალაძე

კალაძე: ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი

© photo: courtesy of party "Georgian Dream"
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
72 0 0

ზურაბიშვილი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გარეშე, მიაჩნია კალაძეს

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა და არც დღეს არის „ქართული ოცნების“ წევრი, განაცხადა თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კალაძე „ქართული ოცნების“ რეიტინგზე საუბრობდა, როდესაც პროგრამა „360 გრადუსის“ წამყვანმა შეახსენა მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს მმართველი პარტიის მიერ შეკვეთილი გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმადაც არჩევნებში ზურაბიშვილი იმარჯვებდა. მაშინ პროგნოზი არ გამართლდა და მეორე ტური დაინიშნა. 

 „სალომე რა შუაშია საერთოდ, ის არასოდეს არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი და არც ახლა არის. მას თავისი რეიტინგი აქვს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენი მხარდამჭერების კეთილგანწყობითაც არ სარგებლობდა“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის მხარდაჭერა იმის გამო გადაწყვიტა, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. ზურაბიშვილის მხარდაჭერის კიდევ ერთი ფაქტორი, კალაძის თქმით, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გადასვლა მეორე ტურში და მათი მხრიდან პირდაპირი საუბრები რევოლუციაზე, გადატრიალებაზე“.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ვერ გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თანადგომის გარეშე.

კალაძე არ მიესალმება ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას შეწყალებასთან დაკავშირებით.

 „ძალიან არ მომეწონა მისი გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს იყო მტკივნეული თემა თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის. შემდეგი გადაწყვეტილება – მორატორიუმი, ერთი მხრივ, შესაძლოა, სწორი და კარგი იყო, მაგრამ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებისთვისაც შეიძლება კარგი საქმე გააკეთო და მისცე შანსი ცხოვრებაში. შეუმცდარი ადამიანები ხომ არ არსებობენ? ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს მორატორიუმის საკითხი, რათა ადამიანებს, რომლებიც ამ რესურსის გამოყენებას ელოდებიან, ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კალაძემ. 

საქართველოში მსჯავრდებულთა შეწყალების ბოლო აქტმა სერიოზული სკანდალი გამოიწვია. აგვისტოს ბოლოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. სამი მათგანი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის, ორი – ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი დღემდე იძებნება.

ამასთან, სამივე მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა გახმაურებულ საქმეებზე: ერთი – პოლიციელის მკვლელობისთვის, ორი დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას და მათი დაკავება მრავალი წლის შემდეგ მოხერხდა.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მსჯავრდებულთა შეწყალების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყო.

გამოძიების დასრულებამდე პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

ამავე დროს ქართულმა მასმედიამ გამოაქვეყნა მონაცემები შეწყალებულებზე. როგორც გაირკვა, ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში 91 შეწყალებულს შორის ერთ–ერთი გასამართლებული იყო არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის, დანარჩენ შეწყალებულებს შორის იყვნენ ძარცვისთვის, ყაჩაღობისა და ქრთამის აღებისთვის მსჯავრდებულები.

მთავარი თემები