18:04 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
პარლამენტი

პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (82)
66 0 0

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები პედაგოგების ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები, რომელთა თანახმად, ბიუჯეტში შემოსულობები გაიზრდება 92,8 მლნ ლარით, ასიგნებები კი – 223,1 მლნ ლარით.

ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტში შემოსულობები 92,8 ლარით გაიზრდება და დაახლოებით 13 მილიარდ ლარს მიაღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 52,7 მლნ ლარით გაიზრდება და 10,5 მილიარდით განისაზღვრება. ამასთან, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები არ შეიცვლება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ის 223,1 მილიონი ლარით მოიმატებს და 13,3 მილიარდით განისაზღვრება.

რა იცვლება

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ 4,5%-ია, მშპ-ის დეფლატორი 3,5%-დან 4,5%-ზე იცვლება, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 3%-დან 4%-იან ნიშნულზე გადადის.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოსავლები ძველ ნიშნულზე რჩება, კონსოლიდირებული ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 30 მლნ ლარით გაიზრდება და 11,3 მლნ ლარს შეადგენს.

2019 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზება მოხდება ასევე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად მიღებული შემოსულობების ხარჯზე. 2019 წელს იგეგმება 900 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება დაგეგმილი 400 მლნ ლარის ნაცვლად.

რას მოხმარდება თანხა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხას მიიღებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარჯები 95 მლნ ლარით გაიზრდება და 845,5 მლნ ლარი გახდება. ეს თანხა მოხმარდება პენსიაზე გასული პედაგოგებისთვის კომპენსაციების გაცემას, ასევე პედაგოგთა ერთი ნაწილისთვის ანაზღაურების მომატებას.

ბიუჯეტში გათვალისწინებულია სხვადასხვა პროექტის სარეალიზაციოდ ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსების გაზრდა.

მეტ თანხას მიიღებს ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ხარჯისა და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით.

20 მილიონი ლარით მოიმატებს ასევე ასიგნებები დაგროვებითი პენსიის სქემის თანადაფინანსებისთვის – გამომდინარე იქიდან, რომ სქემაში მოსალოდნელზე მეტი ადამიანი დარჩა.

ამასთან ერთად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 130 მილიონი ლარით. თანხა ახალი მუნიციპალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

თემები:
საქართველოს პარლამენტი (82)

მთავარი თემები