თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2020 წელს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია დაახლოებით 72,6 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც 42 მილიონი ლარი საპარლამენტო არჩევნებზე დაიხარჯება.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობის სხდომაზე უკვე გაიტანეს. თითოეულმა მინისტრმა მომავალი წლის მუშაობის მოკლე გეგმები წარმოადგინა და მოსალოდნელ ხარჯებზე ისაუბრა.
ბოლო წლებში საარჩევნო ხარჯები
2016 წელი | საპარლამენტო არჩევნები | 33 547 700 ლარი |
2017 წელი | ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები | 33 964 500 |
2018 წელი | საპრეზიდენტო არჩევნები | 49 926 900 |
2020 წელი | საპარლამენტო არჩევნები | 41 953 200 |
თუ პარლამენტში პროექტის განხილვის პროცესში ცვლილებები არ იქნება შეტანილი, არჩევნებთან დაკავშირებით პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 14,3 მლნ ლარს გადააჭარბებს. ეს დაახლოებით იმავე რაოდენობის თანხაა, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იყო გამოყოფილი, თუმცა მეტი, ვიდრე ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს (დაახლოებით 12,8 მლნ ლარი).
საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზე მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ხელისუფლება დაგეგმილი არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდა – შერეული სისტემის პროპორციულით შეცვლას, ანუ არჩევნები მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარდება.
საქართველოს 2020 წლის კონსოლიდირებული ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია. მიმდინარე ხარჯები შეადგენს 11,3 მლრდ ლარს ანუ მშპ-ის 23,5%-ს. ბიუჯეტი ითვალისწინებს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, ბიუჯეტის დეფიციტი კი დაგეგმილია 2,7%-ის დონეზე.