თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდულმა მოძრაობამ „სირცხვილია" თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ამჯერად მოძრაობის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის გამო.
„უნდა იყოს რეალური შედეგები" – აბაშიძე ქართველი და რუსი მინისტრების შეხვედრაზე>>
საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. საქართველომ შეხვედრაზე არაკონტროლირებად ტერიტორიებთან – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვრების დადგენის შეწყვეტისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები დასვა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, აქტივისტ ნოდარ რუხაძის თქმით, სირცხვილია, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირ დიალოგს იწყებს და ამას წინასწარ არ ათანხმებს პარლამენტთან. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვთან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
მომიტინგეებმა მინისტრისგან ლავროვთან განხილული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვეს.
ზალკალიანმა ჯერ კიდევ გასულ კვირაში განაცხადა, რომ „მინისტრის საათის" ფარგლებში ოქტომბერში პარლამენტს ეწვევა და დეპუტატებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ესაუბრება.
ეუთოს თავმჯდომარე: ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იმედისმომცემია>>
იმის შესახებ, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა იგეგმებოდა, ცნობილი მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გახდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ქართული მხარე შვეიცარიის მხარის წინადადებას ლავროვთან შეხვედრის თაობაზე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრის წინადადება ქართული მხარისგან მოდიოდა.
მოძრაობა „სირცხვილია" ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ის შექმნეს ახალგაზრდებმა, რომლებიც თბილისის ცენტრში სამი თვის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის გამო. საპროტესტო აქციები 20 ივნისს დაიწყო, რომელიც არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მიტინგი პოლიციამ დაშალა.
ლავროვმა ზალკალიანთან შეხვედრის ინიციატორი დაასახელა>>
მას შემდეგ ახალგაზრდობა შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პარლამენტის წინ ყოველდღიურად მართავდა. ბოლო აქცია 20 სექტემბერს გაიმართა. გიორგი გახარიას პრემიერად დაწინაურების გამო ორგანიზატორებმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტეს.