05:05 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)
44 0 0

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქნახშირს" მოუწოდა, დროულად გამართოს მოლაპარაკება მეშახტეებთან და გადაუხადოს მათ ხელფასი.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ყველა ინვესტორი და დამსაქმებელი ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ვალდებულებები, შექმნას შესაბამისი შრომითი პირობები და გადაიხადოს ხელფასები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით.

საპროტესტო აქცია სამშაბათს დაიწყო, როდესაც 30-მდე მაღაროელი მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და იქიდან ამოსვლაზე უარი განაცხადა, ვიდრე მათ სახელფასო დავალიანებას არ გაისტუმრებენ და არ მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როდიდან განახლდება მუშაობა. მეშახტეები ანაზღაურებას 15 სექტემბერს ელოდნენ.

„დღეს საუბარს დავიწყებ ტყიბულში განვითარებული მოვლენებით. ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ის, რაც ტყიბულში ხდება, მიუღებელია და ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ნახშირის მომპოვებელი 25-ვე მაღარო, ზედიზედ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების გამო, საქართველოს პრემიერ–მინისტრის განკარგულებით 2018 წლის ივლისიდან გაჩერებულია. ამის მიუხედავად მაღაროელები ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამჯერად ანაზღაურებამ დაიგვიანა. „საქნახშირის" ყოველთვიური სახელფასო ხარჯი და დასაქმებულთა სადაზღვევო პაკეტები ჯამში 1,2 მილიონ ლარს შეადგენს.

გუშინ კომპანიამ განაცხადა, რომ ხელფასები ფინანსური პრობლემების გამო ვერ დაირიცხა.

პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ მეშახტეები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი ვერ ფარავენ საბანკო კრედიტებს, რომლებსაც პროცენტები ერიცხება, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ მდგომარეობას. გარდა ამისა, მათ არ იციან, როდის განახლდება მუშაობა. მაღაროების მდგომარეობის შესასწავლად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოიწვიეს სპეციალისტები გერმანიიდან, მაგრამ საექსპერტო დასკვნა, შეიძლება თუ არა იქ მუშაობა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პროფკავშირების განცხადებით, ხუთშაბათს მეშახტეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩაერთვება.

„დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს დამსაქმებლების, ბიზნესის ინტერესების დასაცავად.

„ყოველთვის ვიქნებით მათ გვერდით იქ, სადაც შესაძლებელია, თუმცა დამსაქმებელმაც და ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გახარიამ.

 

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი (75)

მთავარი თემები