00:52 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
არჩევნები

2020 წლის არჩევნები ახლებურად ჩატარდება – პარლამენტმა შესწორებებს მწვანე შუქი აუნთო

© Sputnik / Denis Aslanov
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

საპარლამენტო კომისია კონსტიტუციაში შესწორებების ორ ვარიანტს განიხილავს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს საორგანიზაციო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკონსტიტუციო შესწორებების საჯარო განხილვას, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

კომისიას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. კომისიის წევრები იქნებიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოთხი წევრი, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი და თალაკვაძის ორი მრჩეველი.

კომისია განსახილველად შესწორებების ერთბაშად ორ პროექტს გაიტანს. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერაა ინიცირებული, მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების 200 ათასი ხელმოწერა შეაგროვა.

კანონპროექტები მსგავსია იმით, რომ ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ, დანარჩენები კი პარლამენტში პარტიული სიის მიხედვით შედიან.

რაც შეეხება განსხვავებებს, მმართველი პარტიის შეთავაზებაა არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის აკრძალვა. ამასთან, „ქართული ოცნება" მზადაა გააუქმოს საარჩევნო ბარიერი. ასეთი ვარიანტით პარლამენტში მოხვედრას შეძლებს ყველა ის პარტია, რომელიც შეძლებს მიიღოს თუნდაც ერთი მანდატი. მანდატებს შემდეგნაირად დაითვლიან: არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა, გამრავლებული 150-ზე (ადგილი პარლამენტში) და გაყოფილი არჩევნებზე საერთო ჯამში მისული ამომრჩევლის რაოდენობაზე.

საინიციატივო ჯგუფი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტიებმა, ისე გაერთიანებებმა. ამასთან, მათი წინადადებაა – არჩევნები 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს, როგორც ამას ითვალისწინებს ამჟამინდელი კანონმდებლობა.

კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრებმაც, რომლებმაც სამშაბათს პარლამენტში ხმაური ატეხეს, შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვეს.

„ჩვენ ვალდებული ვართ უმრავლესობას არანაირი საფუძველი არ მივცეთ, რათა ეს ინიციატივა ჩავარდეს ან შეჩერდეს და რათა ოპოზიცია არ დაადანაშაულონ, რომ მათ არ ეყოთ ხმები. ამიტომაც მივიღეთ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა, რომელიც ეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის კომისიის შექმნას", – განაცხადა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნება" არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უფრო ადრე, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდათ (2024 წ.), ოპოზიციისა და ახალგაზრდობის ზეწოლის შემდეგ დათანხმდა, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მესამე თვეა ატარებენ. აქციები ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდება. სწორედ ეს იყო პარლამენტში ოპოზიციის ხმაურის მიზეზი.

მთავარი თემები