თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გახარიამ მთავრობაში მოსალოდნელი რიგი საკადრო ცვლილებები დააანონსა.
მამუკა ბახტაძემ, რომელსაც პრემიერის პოსტი წელიწადზე მეტი ეკავა, ორშაბათს თანამდებობა დატოვა. დღეს მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.
გახარიას სიტყვებით, მის კაბინეტში „მცირე ცვლილებები" განხორციელდება. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსი ვახტანგ გომელაური დაიკავებს. გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეცვლის ექს-პრემიერი, ამჟამად "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.
იზორია უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ჩაუდგება სათავეში. ეს არის პრემიერთან არსებული სათათბირო ორგანო, რომელიც იხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების, საშინაო და საგარეო უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებს.
„ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ჩვენს გუნდში მოღვაწეობას მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს, ის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს უხელმძღვანელებს. ეს არის ცვლილებები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გააძლიერებს გუნდს და მას უფრო ეფექტურს გახდის", – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა ახალი პრემიერი და მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველი მინისტრთა კაბინეტის დათხოვნიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს.
პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, 2012 წლიდან მმართველმა გუნდმა შვიდი წლის განმავლობაში ოთხი პრემიერი შეცვალა. თავიდან აღნიშნული თანამდებობა პარტიის ლიდერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკავა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2013 წელს მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ივანიშვილი აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა, რომელიც ივანიშვილის ახლო გარემოცვაში ერთ-ერთ ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება. მთავრობაში ღარიბაშვილს მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა.