საქართველოს წარმავალი პრემიერი პოლიტიკაში ახალ სახეებს ელოდება

© photo : Mamuka Bakhtadze / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძემ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს პოლიტიკურ არენაზე განახლებას, დაწერა წარმავალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მმართველმა პარტიამ უკვე შეიმუშავა კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლებიც, ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად, ითვალისწინებს არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე პრემიერის თანამდებობას ტოვებს

„პრინციპულად მნიშვნელოვანია პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა", – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის", – დაწერა ბახტაძემ.

ქართული მედიის ვარაუდით, საქართველოს პრემიერი შეიძლება გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

ბახტაძე საქართველოს მთავრობას სათავეში 2018 წლის ივნისში ჩაუდგა. იგი საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის მეოთხე პრემიერია.

ყველა ახალი ამბავი
0