07:57 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
75 0 0

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, ნათქვამია TBC Bank-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბრალი დაახლოებით 17 მლნ დოლარის ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დასდო. საუბარია TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700–700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დახურულ შეხვედრაზე დაგეგმილია ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენა დიპკორპუსის წარმომადგენლებისთვის.

„გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი", – ნათქვამია განცხადებაში.

TBC Bank-ის დამფუძნებლების თქმით, აღნიშნული დახურული შეხვედრა საქართველოს კონსტიტუციისა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას წარმოადგენს.

„ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს პოლიტიზებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის როგორც ამ კონკრეტულ საქმეზე, ისე ზოგადად", – აღნიშნულია განცხადებაში.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე ფაქტობრივი გარემოებების „გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით" ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

„თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები", – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული საქმის ფარგლებში პროკურატურამ 22 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგაც. საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი М"-ის დახმარებით. ამჟამად ამ კომპანიების წილს მისი ვაჟი ვახტანგ წერეთელი ფლობს, რომელიც TV Pirveli-ს დამფუძნებელია. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. თუმცა „კონტი ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ კონსორციუმი დატოვა.

ფულის გათეთრების საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება. მაშინ იგეგმება საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაც, რომელიც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია. უფრო მეტიც, ხაზარაძემ საქართველოს ხელისუფლებას არსებული მმართველობის სისტემის ნგრევის პირობა მისცა. მისი სიტყვებით, ისინი, ვინც 2012 წელს დაუჯერა და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, მოტყუებული აღმოჩნდნენ.

 

თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)

მთავარი თემები