09:12 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
83 0 0

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე „რუსთავი2"-ის პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, „ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს"

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია  „რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 ია კიწმარიშვილის განცხადეაბაზე დაყრდნობით.

ია კიწმარიშვილი: მოვუწოდებ პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან>>>

ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად დააფუძნა. სწორედ მათ - აქიმიძეს და დვალს შესთავაზა ხალვაშმა ტელეკომპანიის 40%-იანი წილი, რაზეც ყოფილმა მფლობელებმა უარი განაცხადეს და  „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელისგან 60%-იანი წილი მოითხოვეს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ  „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ღია აუქციონის წესით ტელეკომპანიის 100%-იან წილს ყიდის, ია კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე სასამართლოს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნას აცილებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.

„მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა, რაც  „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებების და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია  „რუსთავი 2-ის" კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში", - ნათქვამია კიწმარიშვილის განცხადებაში.

კიწმარიშვილის განმარტებით, სასამართლო დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გაყიდვა გამოიწვევს მისი, როგორც მესაკუთრის უფლებების დარღვევას. იგი ტელეკომპანიის პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, "ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს".

„რუსთავი 2"-ის საქმე

1994 წელს დაარსებულმა ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-მა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე დიდხანს ტელეკომპანიას ფლობდა მისი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორ თანადამფუძნებელთან – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს ქვეყნის სათავეში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა,  „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა თავიანთი წილი გაყიდეს. იქიდან მოყოლებული დაიწყო მუდმივი გარიგებების პერიოდი სხვადასხვა, მათ შორის, ოფშორული კომპანიის მიერ არხის ყიდვა-გაყიდვის საკითხზე, ვიდრე 2012 წელს  „რუსთავი 2" ძმებმა ყარამანაშვილებმა არ შეიძინეს.

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დაბრუნება 2014 წელს, არხის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მოითხოვა. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ მოყვებოდა, თუ როგორ აიძულეს თავის დროზე „რუსთავი 2"-ის ხალვაშისთვის მიყიდვა.

როგორც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა, მას ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულეს. საბოლოოდ, ბიზნესმენმა რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შედეგად, მოიგო საქმე, რომელიც ერთ-ერთ- რეზონანსული აღმოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

კერძოდ, მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.  „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია  „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

საჯარო რეესტრის სააგენტომ 18 ივლისსავე დააკმაყოფილა ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და მის კომპანია  „პანორამაზე" (40%) გადაფორმების შესახებ.

ხალვაშმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ დღესვე გაათავისუფლა თანამდებობიდან და აღნიშნულ თანამდებობაზე მისი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.

9 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. გამოძიების მტკიცებით, მის მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 მლნ ლარზე მეტი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. საქალაქო სასამართლომ გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, ტელეკომპანია  „რუსთავი 2"-ზე საკუთარი უფლებები საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანიის მფლობელების შეცვლის შემდეგ წამოაყენა.

ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ქიბარ ხალვაში  „რუსთავი 2"-ის მფლობელი არასდროს ყოფილა და უბრალოდ ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. ამის დასტურად ოქრუაშვილმა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგინა, რომლის თანახმად, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ჯერ კიდევ მაშინ უწოდა ყალბი. ამ დროისთვის ორაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში იმყოფება. მას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, 27 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)

მთავარი თემები