18:33 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია: „ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი“

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)
171 0 0

რუსთავი 2–ის ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურის მხრიდან მისთვის წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik.  ტელეკომპანია „რუსთავი 2−ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გირაოს შეფარდების შემთხვევაში მის გადახდას არ აპირებს, ეს განცხადება ნიკა გვარამიამ  პროკურატურასთან დღეს გააკეთა, სადაც ის მისთვის წარდგენილი ბრალის გასაცნობად მივიდა.

საქართველოს პროკურატურამ  ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი. გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამიას ქმედებებმა კომპანია იქამდე მიიყვანა, რომ „რუსთავი 2-მა“ დაახლოებით 6,8 მლნ ლარის მიღება ვერ შეძლო. 

„ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში, გაქვთ ორი არჩევანი: ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა. ..  არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. არ გადავიხდი არანაირ გირაოს: მაღალს, უბრალოდ, ვერ  და დაბალს  — არ! არანირი შინა პატიმრობა! პირდაპირ გიცხადებთ, ყველა თქვენს აღკვეთის ღონისძიებაზე გეუბნებით, არ დავემორჩილები, დავარღვევ ყველაფერს, ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ, არც გირაოს გადავიხდი. ან პატიმრობა, ან თავისუფლება სხვა არჩევანს არ გაძლევთ!“ — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორებით — „ინტერმედია" და „ინტერ მედია პლუსით“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის ახალი მფლობელის ხელში გადასვლის შემდეგ, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა „რუსთავი 2-ის“ ახალმა გენდირექტორმა პაატა სალიამ. 

გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ნიკა გვარამიას განცხადებით კი კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს, იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ასეთი კონტრაქტი, იმიტომ რომ ფინანსურმა სამსახურებმა, ფინანსურმა დირექტორმა გადაწყვეტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი.

„მოკლედ ავხსნი. ორი ვარიანტია. ერთია, როდესაც ჩემ მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებ, რომელიც მიჰყვება მოგებას, მაგრამ იქ რისკავ — ან ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ ერთ წელში, ან ბიუჯეტში მეტს; მეორე ვარიანტია, როცა მოჭრილ თანხაზე დებ [კონტრაქტს], მაგრამ შეიძლება უბრალოდ იმ ფირმას მეტი შემოსავალი ჰქონდეს და დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული, იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ“, — აღნიშნა გვარამიამ. 

მისი თქმით, 2015 წელი ფინანსური სამსახურებისა და ფინანსური დირექტორის მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით, დადგა ასეთი კონტრაქტის გაფორმების საჭიროება.

„ჩემს პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მე საერთოდ არ მესმის, ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის, როგორ ვერ იგებს გინდა პროკურატურა, გინდა „რუსთავი 2-ის“ ახალი სამარცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს პასუხისმგებლობას“, — თქვა  გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მან „ინტერმედიას“, მკაცრი მოლაპარაკების შემდეგ, 7 მილიონის ნაცვლად 9 მილიონი დააბრუნებინა. 

„ეს არ არის ჩემი არჩევანი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის არჩევანი. დღევანდელი ბრიფინგით მან მე შემომითვალა, რომ მე ვარ მისი მთავარი მოწინააღმდეგე. ვიღებ ამ გამოწვევას. მე წავალ პოლიტიკაში, წავალ ყველა საზოგადოებრივ მოძრაობაშიც — ყველგან, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასამარება მიმდინარეობს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ტელეკომპანიას სათავეში 2012 წლის ნოემბერში ჩაუდგა, 2014 წლის სექტემბერში კი მისი გენერალურ დირექტორი გახდა. გარდა ამისა, იგი წარმოადგენდა ტელეკომპანიას მესამე პირთან ურთიერთობებში. ტელეკომპანიის წესდების თანახმად, იგი ვალდებული იყო, დაეცვა ტელეკომპანიის ინტერესები, მათ შორის ფინანსური.

 

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (177)

მთავარი თემები