თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ნიკა გვარამიამ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს.
გვარამია თანამდებობიდან 18 ივლისს გადააყენეს, მაშინვე, რაც ტელეარხმა მფლობელები შეიცვალა. ახლა „რუსთავი2"-ის მფლობელია ქიბარ ხალვაში (60%) და მისი კომპანია „პანორამა" (40%).
„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში>>
„გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია... არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო", – დაწერა გვარამიამ თავის Facebook-გვერდზე.
მან მომხრეებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მას ფინანსების თვალსაზრისით.
„ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის... ამ კამპანიას მალე დავიწყებთ იმ იმედით, რომ დაგვეხმარებით, როგორც შეძლებთ. გპირდებით, თქვენს შემოწირულობას ვაქცევთ მნიშვნელოვან ინვესტიციად ჩვენი სამშობლოს წარმატებულ მომავალში, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში", – დაწერა გვარამიამ.
ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2" 18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე გადაიფორმა. მანამდე ბიზნესმენმა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.
რას უწუნებს ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს>>
ტელევიზიის ახალმა მფლობელმა თავიდანვე განაცხადა, რომ არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გარდა სამსახურიდან არავის გაათავისუფლებდა და სარედაქციო პოლიტიკასაც შეინარჩუნებდა. თუმცა, წამყვანი ჟურნალისტები და ტელეარხის სახეები ხალვაშისთვის ნდობის გამოცხადებას არ ჩქარობენ. მეტიც, ისინი განაგრძობენ ბიზნესმენის კრიტიკას და აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ახალი მფლობელი მმართველი პარტიის დაკვეთებს ასრულებს და სწორედ გვარამია წარმოადგენდა სიტყვის თავისუფლების გარანტს.