„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში

გამოწერა
ნიკა გვარამიამ, რომელიც „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, განაცხადა, რომ ტელეარხს მოექცნენ, როგორც ოროთახიან „ხრუშჩოვკას".

ხუთშაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში აღმოჩნდა – მას ახალი მფლობელი და ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სახელმწიფომ საქმე მოიგო – იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე>>>

ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს. ასეც მოხდა. უკვე საღამოსთვის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა განაცხადები ტელეარხის გადაფორმებისა და ტელეკომპანიის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას დანიშვნის შესახებ.

სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე არხის ახალმა მფლობელმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდება და ერთადერთი ცვლილება შეეხება გენერალურ დირექტორს.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
„ეს საქართველოს საქმეა“ - ლავროვი „რუსთავი2“-ის ირგვლივ სიტუაციის შესახებ საუბრობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2", მას შემდეგ, რაც 2012 წელს ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება" მოვიდა, მკვეთრად ოპოზიციურ პოლიტიკას ატარებდა. სიუჟეტების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ბოლო დროს, თითქმის მთლიანად ხელისუფლების კრიტიკას ეთმობოდა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ დაუდანაშაულებიათ ტელეარხი ტყუილის გავრცელებასა და ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში.

ბოლო მოვლენების ფონზე „რუსთავი 2"-ის წამყვანმა თანამშრომლებმა ხალვაშის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეს. მათ რიგრიგობით გააკეთეს გვარამიას მხარდამჭერი განცხადებები, რომელიც, მათი თქმით, ტელეარხზე სიტყვის თავისუფლების გარანტიაა.

"მიგვაჩნია, რომ ხალვაში წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი ძალით, ყველა შესაძლებლობითა და უფლებამოსილებით ებრძოდა „რუსთავი 2"-ს“, – განაცხადეს მათ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ტელეარხის თანამშრომლები, რომლებიც არ ეთანხმებიან ცვლილებებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით ისინი ახალ დირექტორს ეცნობიან.

დროს არ კარგავს

პაატა სალიას დრო არ დაუკარგავს და საჯარო რეესტრის სააგენტოში განაცხადის დაჩქარებული წესით შეტანის შემდეგ ტელეკომპანიაში გაემართა.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი პროფესიული საქმიანობა მშვიდობიანად და მშვიდად გააგრძელონ, „რუსთავი 2"-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმუშაოს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ დაუბრკოლებლად განაგრძოს თავისი ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა. ამისათვის, პირველ რიგში, დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად დავიწყებ ტელეარხის ფინანსური მდგომარეობის გაცნობას და პასუხისმგებლობის გადაბარებას", – განუცხადა სალიამ ჟურნალისტებს ტელეარხის ეზოში.

„რუსთავი 2" და ახალი სასამართლო: არენაზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის>>>

ამასთან ერთად მან დასძინა, რომ ჟურნალისტებთან კონსტრუქციული ურთიერთობის იმედი აქვს.

„როგორც ტელეარხის მფლობელმა განაცხადა, ჟურნალისტებს არავითარი პრობლემები და შეზღუდვები არ ექნებათ. დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულად წარიმართება", – აღნიშნა სალიამ.

მან ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ „რუსთავი 2"-ში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

გვარამიასთან დიალოგი ვერ შედგა

ტელევიზიაში სალია პირველ რიგში ნიკა გვარამიას შეხვდა, რათა, როგორც თავად აღნიშნა, გენერალური დირექტორის უფლებამოსილებები „ცივილური ფორმით" გადაებარებინა. პასუხი ხისტი აღმოჩნდა. შედეგად – დიალოგის ნაცვლად გაიმართა კამათი.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ

„არ ვაპირებ თქვენთან თანამშრომლობას. მდივანსაც ვთხოვ, რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, ჯერჯერობით ჩემი პირადი სივრცეა. თქვენ აქ დემოკრატიის დასახმარებლად არ მოსულხართ", – განუცხადა გვარამიამ სალიას.

როდესაც სალია „რუსთავი 2"-ში მივიდა, ჟურნალისტები 9-საათიანი „კურიერისთვის“ ემზადებოდნენ. სალია ნიუს-რუმში შევიდა, სადაც ჟურნალისტები კრიტიკითა და პრეტენზიებით დახვდნენ და განუცხადეს, რომ ის მათთვის ივანიშვილის განსახიერება იყო.

ჟურნალისტებმა პირობები წამოაყენეს: თუ გენერალური დირექტორი ტელეარხის ბირთვთან – წამყვან ჟურნალისტებთან და ტელეარხის სამსახურების ხელმძღვანელებთან კონტრაქტებით მოვიდოდა, ისინი მას ნდობას გამოუცხადებდნენ. საპასუხოდ სალიამ აღნიშნა, რომ არხის მფლობელის პრეტენზიები ეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას, სხვა საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„დღეს მოვედი, რომ გადავწყვიტო, პირველ რიგში, მიმდინარე პრობლემები, რათა კომპანიას არ შეექმნას ფინანსური სირთულეები მფლობელის შეცვლის გამო", – ხაზგასმით აღნიშნა სალიამ.

რა იქნება ხვალ

როგორც „რუსთავი 2"-ის აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მასაც, ისევე, როგორც დანარჩენებს, სჭირდებათ დრო, რათა შემდგომი ნაბიჯები მოიფიქრონ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების განცხადება: არ ვენდობით ხალვაშს

„რა მოხდება შემდეგ, ძალიან მალე ვიტყვით, ყველაფერი უნდა მოვიფიქროთ... ისე გადაიფორმეს, როგორც ოროთახიანი „ხრუშჩოვკა", ერთ საათში, და კიდევ ერთ საათში შეცვალეს მენეჯმენტი, მიუხედავად ჟურნალისტების მიმართვისა", – აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ შრომითი კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც გვარამიამ ცოტა ხნით ადრე განაცხადა, კონტრაქტი მასთან გაფორმებულია 2020 წლის 31 დეკემბრამდე და ამ დოკუმენტზე დავა საქართველოს სასამართლოებში არ მოხდება. მისი თქმით, კონტრაქტი შეიცავს დათქმას ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოზე.

„რამდენიმე თვეში, წელიწადში ან წელიწად-ნახევარში აუცილებლად მოვიგებ 5 მილიონს და დავაბანდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ამას დრო სჭირდება. რაც შეეხება „რუსთავი 2"-ს, ის ხალვაშს დარჩება მანამ, სანამ ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში იქნება", – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან ის „რუსთავი 2"-ის ახალ მფლობელს ციხით დაემუქრა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გვარამია საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა.

„ქიბარ ხალვაშს გერმანიის მოქალაქეობა ვერ უშველის. ის აუცილებლად დაასრულებს თავის დღეებს ციხეში", – მიმართა გვარამიამ ახალ გენდირექტორს.

პოლიტიკური შეფასება

ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" დეპუტატმა ოთარ კახიძემ ყველას მოუწოდა, ესწავლათ „რუსთავი 2"-ის შეცდომებზე.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
რა ბერკეტი აქვს ნიკა გვარამიას და რა შემთხვევაში დატოვებს იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად. ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით", – აღნიშნა კახიძემ.

„რუსთავი 2"-ის უკვე ყოფილი მფლობელების ინტერესების დაცვას ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აპირებს.

„ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლებას. იქამდე არაფერი დასრულდება, ვიდრე ჩვენ არ მოვიგებთ არჩევნებს და არ შევწყვეტთ იმ უმსგავსობას, რომელიც ამ სახელმწიფოში ხდება", – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ყველა გააფრთხილა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია.

„რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეზე – "ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ" – გაიმარჯვა საქართველომ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2"-თან და მის მფლობელებთან მიმართებით არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ანდა მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ანუ დანაშაულს წარმოადგენს", – აღნიშნა თალაკვაძემ.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ხალვაში: „რუსთავი 2"-ზე სიტყვის თავისუფლება შენარჩუნდება, გვარამია წავა

კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.

„ამ გადაწყვეტილებით მან (ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ - რედ.) აღიარა განხილული საქმის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და, შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას", – დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას.

„მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება", – განაცხადა პრეზიდენტმა.

ექსპერტების მოსაზრება

პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია ფიქრობს, რომ არხის მფლობელის შეცვლასთან ერთად „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკაც შეიცვლება.

„როგორც ცნობილია, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო პოლიტიკა ცალმხრივი იყო. ეს ძალიან აგრესიული, მეტისმეტად ტენდენციური და დესტრუქციული ტელეკომპანიაა. იგი გამოხატავდა, უმთავრესად, ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს და ჰქონდა მკვეთრად ანტისამთავრობო მიმართულება... ამაზე კი ნაკლებად წავა „რუსთავი 2"-ის ახალი ხელმძღვანელობა", – განუცხადა ნაჭყებიამ „Sputnik-საქართველოს".

მას პოლიტოლოგი პეტრე მამრაძეც ეთანხმება.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის საქმეზე

„მფლობელის შეცვლა, რასაკვირველია, იმოქმედებს სარედაქციო პოლიტიკაზე, ვინაიდან „რუსთავი 2" მთელი ამ წლების განმავლობაში, პირველ რიგში, იყო დამჯერი, მონური რუპორი, პროპაგანდისტული რუპორი სააკაშვილის ხელში. ეს მისი პირადი არხია. დიახ, იგი იყო გაფორმებული სხვადასხვა მფლობელზე, მაგრამ რეალურად სარედაქციო პოლიტიკას ყოველთვის სააკაშვილი კარნახობდა", – აღნიშნა მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

მისი აზრით, ახლა „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ უფრო შერბილდება.

„უნდა ველოდოთ, რომ „რუსთავი 2" ხელისუფლებას ასე მკაცრად აღარ გააკრიტიკებს... ვფიქრობ, „რუსთავი 2" დაკარგავს მაყურებელს, თავის აუდიტორიას", – აღნიშნა მამრაძემ.

განსხვავებული აზრი აქვს ექსპერტ დემურ გიორხელიძეს.

„ვფიქრობ, სარედაქციო პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს მიუხედავად იმისა, რომ ეს ვინმეს შეიძლება არ მოეწონოს... ასე რომ, თუ ტელევიზია და მისი სარედაქციო პოლიტიკა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებს არ სცილდება (და თუ სცილდება, უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ამ ტელევიზიას, ნებისმიერ ტელევიზიას დასჯის), მაშინ უნდა იარსებოს იმ ფორმით, რომლითაც თავად სურს", – განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოს".

ყველა ახალი ამბავი
0