16:49 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
„ქართული ოცნების“ სათავო ოფისი

„ქართული ოცნება“ ყრილობისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
99 0 0

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივი მთავრობიდან, პარლამენტიდან და საკრებულოდან უკვე გაემგზავრა რეგიონებში.

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სექტემბრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაციას გააძლიერებს, 2020 წლის გაზაფხულზე კი ყრილობას ჩაატარებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში.

ივანიშვილი: ვითანამშრომლებთ ყველასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა >>

ბათუმში ოთხშაბათს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების, ასევე აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის მონაწილეობით სხდომა გაიმართა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რიჟვაძე პარტიის რეგიონულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.

„ყრილობა დაგეგმილია გაზაფხულზე. მანამ კი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. „ქართული ოცნება“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ... უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივი მთავრობიდან, პარლამენტიდან და საკრებულოდან უკვე გაემგზავრა რეგიონებში. „სექტემბრიდან მაქსიმალურად გავაქტიურდებით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„პრაქტიკულად, ჩვენ უკვე გადავდივართ წინასაარჩევნო სამზადისზე, პარტიული მუშაობა ძალიან გააქტიურდება, იქნება სხვადასხვა ტიპის ცვლილება, მათ შორის, საკადრო ცვლილებები, ჩატარდება პარტიული კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში, არჩევნებამდე ჩატარდება ასევე პარტიის ყრილობა“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 20 ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების ზეწოლის შედეგად მმართველმა პარტიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დააჩქარა და ნულოვანი ბარიერის დაწესება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ბევრ პარტიას პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას მისცემს.

ივანიშვილი: „50%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი" >>

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ადგილების უმეტესობას მოიპოვებს, მაგრამ ეს, მისი სიტყვებით, ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში უკვე რთული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია მზადაა, შექმნას კოალიციური მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“.

მთავარი თემები