ინციდენტი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან: საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / STRINGERდავით გარეჯი
დავით გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ დავით-გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარის მსგავსი ინციდენტები აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელ მესაზღვრეებსა და ქართულ მოსახლეობას შორის კონფლიქტს სამწუხარო ინციდენტი უწოდა.

როგორც დავით-გარეჯში მომუშავე გიდმა განაცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთი ეკლესიიდან ხატების გამოტანა უნებართვოდ დაიწყეს. აღნიშნულმა ქმედებამ ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ექსპერტები შეისწავლიან>>

საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ავიდნენ, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებოდნენ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„საქართველოს შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირების შედეგად ინციდენტი მალევე იქნა აღმოფხვრილი, ხოლო მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა", – ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარებში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო საკითხების დელიმიტაციის კომისიის მუშაობა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
საქართველო-აზერბაიჯანის სადავო საზღვარი – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

„მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზადყოფნას", – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვრის საკითხებზე მოლაპარაკებებში აუცილებელია მშვიდი გარემო.

„ამასთანავე მნიშნელოვანია საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად თავშეკავება პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით. სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა", – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანულ მხარესთან გუშინ გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე კუპატაძემ მცირე კომენტარი გააკეთა.

„განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი, სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიაზე გადაადგილებას", – განაცხადა კუპატაძემ.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
კონფლიქტი საზღვარზე: დავით-გარეჯიდან ხატები გაიტანეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ვითარება ბოლომდე არ განმუხტულა.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ერთობლივი კომისიის მუშაობის აღდგენისთანავე აზერბაიჯანულმა მხარემ დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დაიწყო. მოლაპარაკებების მეორე დღეს სპეცტექნიკა შეაჩერეს, მაგრამ გზა პრაქტიკულად უკვე გაყვანილი იყო.

ცოცხალი ჯაჭვი დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის საზღვართან აქცია გაიმართა>>

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0