თავდაცვის ყოფილი მინისტრი ევროპის სასამართლოს მიმართავს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესატანი სარჩელის მოსამზადებლად დაცვის მხარეს ექვსი თვე აქვს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებისთვის (რის შედეგად ის გარდაიცვალა) ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიმართვას აპირებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა და მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ექვსი პუნქტის შესაბამისად. მათ შორისაა „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ", „სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება", „სამსახურებრივი სიყალბე" და „დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარება".

პოლკოვნიკ თეთრაძის წამება – ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა>>

ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნადარეიშვილი სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის, ანუ ექვსი თვის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

„ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. უკვე დიდი ხანია, წლებია ველოდები ამ განაჩენს, რომ საქმე სტრასბურგში გავგზავნო. არც არანაირი რეაქცია არ მქონია და არც არანაირი მოლოდინი, საერთოდ არ მაინტერესებდა ბიძინა ივანიშვილის სასამართლო რას გამოიტანდა. ბაჩოსაც იგივე მოლოდინი ჰქონდა", – განაცხადა ნადარეიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, ასევე გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი შპიონაჟის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, 19 სექტემბერს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. იმავე დღეს, როგორც მაშინ პროკურატურამ განაცხადა, თეთრაძე სასჯელაღსრულების №18 სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა, სადაც ის გლდანის №8 ციხიდან გადაიყვანეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თეთრაძის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება გახდა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

2011 წლის ოქტომბერში ეს ბრალდებულები შპიონაჟში დამნაშავედ ცნეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 14 ნოემბერს პროკურატურამ ხელახლა დაიწყო თეთრაძის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება და დაადგინა, რომ 2011 წელს მოყვანილი ყველა მონაცემი არასწორია და ის სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებების და წამების შედეგად გარდაიცვალა.

საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 23 სექტემბერს არატრადიციული ორიენტაციის მქონე მსჯავრდებულებმა გააუპატიურეს სერგო თეთრაძე №8 ციხის საკანში, ხოლო ამ ბრძანების შესრულებას პირადად ადევნებდა თვალს №8 ციხის უფროსი ალექსანდრე მუხაძე. შედეგად პოლკოვნიკი თეთრაძე გულის მწვავე უკმარისობით, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ახალაიასთან ერთად აღნიშნულ საქმეზე 4 წელი დაუსწრებლად აქვს მისჯილი ახალაიას ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს, რომელიც ამჟამად ძებნაშია. სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი ამ შემთხვევაშიც ძალაში დატოვა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას განაჩენი ძალაში დარჩა

ახალაიას სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც აქვს სასჯელი გამოტანილი. ფულადი სახსრების გაფლანგვის საქმეში, პროკურატურის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ უკანონოდ მიითვისა 60 000 ლარი. ახალაიამ და ძიმცეიშვილმა ძველი რიცხვით შექმნეს ყალბი დოკუმენტი, სადაც დაფიქსირდა, თითქოს თანხა ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა.

ახალაიას და ძიმცეიშვილის გარდა ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, ამ ციხის თანამშრომლებს — ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას, რომლებსაც 2014 იანვარში 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად და მათზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება უშუალოდ „შპიონაჟის საქმეს", 2016 წლის მარტში თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრაძე, გორელაშვილი, ჩაპლიგინი და ლონდარიძე გაამართლა.

ყველა ახალი ამბავი
0