გიგა ბოკერია: ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო

გამოწერა
გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას განცხადებებს პოლიტიკურად უპასუხისმგებლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს.

არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია >>

გუშინ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული 20-21 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო. ვერძეულის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემაც.

„ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე“, - ეს არის ოთარ კახიძის განცხადების ერთ-ერთი პუნქტი.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ოთარ კახიძემ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე.

2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა.

3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას.

4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად.

5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია“, - აღნიშნულია პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიგა ბოკერია  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები სამართლებრივად აბსურდს, ხოლო პოლიტიკურად უტიფრობას წარმოადგენს. ამასთან, ბოკერია აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, რაც ივანიშვილს პროპაგანდას უადვილებს.

„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიოეგი გახარია - Sputnik საქართველო
მეზვრიშვილი: აქციის დაშლის საქმეზე პროკურატურაში გახარია შეიძლება დაიბარონ

საპროტესტო ტალღა თბილისში 20 ივნისიდან არ ცხრება, იმ დღიდან, როდესაც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე გამოჩნდა რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი. იმ დღეს ანტირუსული აქცია გადაიზარდა არეულობაში. მას შემდეგ, რაც პოლიცია ორი საათის განმავლობაში მომიტინგეებს იგერიებდა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

აღიძრა ორი სისხლის სამართლის საქმე. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით -  „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა...

პროკურატურამ მიიჩნია, რომ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა „ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ თავისი „დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად“ სჭირდებოდა. ამავე მიზანს ემსახურებოდა დეპუტატის „მოჩვენებითი მზაობა“ მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში (ხელებაწეული), სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ქვეყანასაც და პარლამენტსაც, ჩვენ არც პარლამენტი გვაქვს და არც ქვეყანა“,  „არ ვიცვლით ფეხს აქედან გამარჯვებამდე“ - ეს არის ის მოწოდებები, რომლებითაც ნიკანორ მელია აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს მიმართავს, აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, ამ მოწოდებებით და სამართალდამცავთა მიმართ  ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობით ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რაც დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ყველა ახალი ამბავი
0