რატომ არ გადადგება გიორგი გახარია

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 ივნისის ღამით მომხდარი მოვლენების გამოძიება კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ამ ეტაპზე ექსპერტები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას არ ელოდებიან.

ტრაგედიაა ის, რომ დაშავდნენ სრულიად უდანაშაულო და ზოგჯერ იქ შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდები. თვალის ჩინს ვერც ბოდიშით დაუბრუნებს ვინმე მაკო გომურს და ვერც სახელმწიფო დაფინანსება უშველის ამ ამბავს. მნიშვნელოვანია, რომ აქციის დაშლისას ძალის გადამეტების გამო აუცილებლად დაისაჯონ როგორც ძალის გადამმეტებლები, ასევე ბრძანების გამცემი პირები, თუ ბრძანება არასწორად იყო ფორმულირებული.

სხვა მხრივ კი არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც აქციის მონაწილეები უკან დახევას არ აპირებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ არ დაიღლებიან და რომ რუსთაველის N8 უნდა გახდეს თანამედროვე ხელოვნების ცოცხალი მუზეუმი – აქ მუდმივად უნდა ხდებოდეს პერფორმანსირება როგორც მუსიკის, ასევე ლიტერატურისა და აკადემიური საუბრების. ის სექტემბრიდან აქციების ახალი ძალით განახლებას გვპირდება.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 2019 წლის 9 ივლისი - Sputnik საქართველო
აქცია პარლამენტთან მე-20 დღე გრძელდება

უკან დახევას, თავის მხრივ, არც სახელმწიფო აპირებს. მსხვერპლი უკვე გაღებულია – პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. თუმცა, რომ არა 24-საათიანი დაგვიანება, იქნებ აღარც ყოფილიყო ისტორიაში ეს ქართული ბართლომეს ღამე, ისევე, როგორც 7 ნოემბერი, 26 მაისი – ქართველის ხელითვე ნაგვემი ქართველი.

რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა და მინისტრები პარლამენტის წინაშე წარდგებიან შიშითა და მოკრძალებით, ამაში დარწმუნება ყველას გაუჭირდება, სანამ პარლამენტი მინისტრების ნება-სურვილით შეცვლის საკუთარ დღის წესრიგს. ამავე დროს აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას და, ზოგადად, ქართულ სახელმწიფოს, პოლიციაში ჩატარებული რეფორმებისა და არაერთი ტრენინგის მიუხედავად, უზარმაზარი პრობლემები აქვს პოლიციელის მიერ ადამიანებთან ქცევის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, სადაც აქციის დაშლისას სპეცრაზმს შეუძლია იყოს ასეთი სასტიკი და დაარღვიოს კანონი და ინსტრუქცია, რას იზამს იმავე მენტალობის ადამიანი ერთი ერთზე დარჩენილ მოქალაქესთან, მით უმეტეს, დაკავებულთან. გახარიას მოუწევს ამ ვითარებაზე სერიოზულად იფიქროს, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს და რეფორმები დაგეგმოს შსს-ში.

საპროტესტო აქცია. მე-17 დღე - Sputnik საქართველო
პროტესტის მე-17 დღე: თავისუფლების მარში თბილისში და მოთხოვნა - „გახარია, წადი“

გუშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გაირკვა. შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულების ინფორმაციით, გახარია 20 ივნისის ღამის მოვლენებზე მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას და ამავე დროს რჩება თანამდებობაზე. მან ასევე მიანიშნა, რომ გამოძიებას ექნება სათქმელი საზოგადოებისთვის და ეს ძალიან მალე მოხდება.

თუმცა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ გახარია თავის თავზე იღებს როგორც საკუთარ, ასევე სხვების პასუხისმგებლობასაც და ეს ნათლად ჩანს. მისივე თქმით, ფაქტია, რომ 20 ივნისის ღამეს შსს-ს გარდა რუსთაველზე სახელმწიფო დაცვისა და სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც მოქმედებდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის წვლილი ძალიან დეტალურად იყოს გამოძიებული.

ქართულ მასმედიაში ისიც კი დაიწერა, რომ 20 ივნისის ღამე გახარიას მოუწყვეს, რადგან მას მთავრობაში არანაკლებ ბევრი მტერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტები ვერ ხსნიან, რატომ ჩაიშალა მოლაპარაკებები, რაზეც ორივე მხარე თანახმა იყო და რატომ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დარბევამდე 20 წუთით ადრე, რომ რეზინის ტყვიები არ იქნებოდა გამოყენებული.

აქცია - Sputnik საქართველო
„პროპორციული არჩევნები 2020": საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია აქციის ფონზე

დღევანდელი მოცემულობით, გახარიას წასვლა ბევრს აძლევს ხელს, მაგრამ ამ მომენტმა მინიმუმ შემოდგომამდე და გამოძიების დასრულებამდე გადაინაცვლა. სხვათა შორის, დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც განაცხადეს, რომ მათი გამოძიების შედეგებს საზოგადოება ნოემბერში გაეცნობა.

რკინის კაცად წოდებული კახა თარგამაძე 6 წელი მართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს მატროსოვის ციხეში მყოფი ვანო მერაბიშვილი – 8 წელი. „ოცნების“ მინისტრებიდან ყველაზე დიდი შანსი, ყოფილიყო ძლიერი მინისტრი და, შესაძლოა, პრემიერიც, გიორგი გახარიას ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს შანსი რეზინის ტყვიებთან ერთად აფეთქდა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების შედეგების დადება და დამნაშავეების დასჯაა.

მეორე თემაა ის, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს იყენებენ და აქციების დეესკალაციის ნაცვლად ცეცხლზე ნავთის დასხმას ცდილობენ. სავარაუდოდ, ამომრჩეველი ამ ქცევაზეც გასცემს მათ პასუხს. მანამ კი წინ ცხელი ზაფხული და პოლიტიკურად უფრო ცხელი შემოდგომაა, რომელიც გახარიამ, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა და მთლიანად ხელისუფლებამ მშვიდობიანად და გონივრულად უნდა მართოს. გამოსავალის პოვნა და მისკენ სვლაა მთავარი სახელმწიფოსთვის, თორემ გასაპროტესტებელი კიდევ ბევრი რამაა...

ყველა ახალი ამბავი
0