14:18 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ–რუსული ურთიერთობები (150)
62 0 0

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შემდეგი შეხვედრა პრაღაში სექტემბერში გაიმართება.

თბილისი, 2 ივლისი Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს ჩატარდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსია საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე ტარდება. შეხვედრებში მონაწილეობენ აშშ-ის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირი, გაერო და ეუთო – თანათავმჯდომარეების სტატუსით.

ჟენევის მოლაპარაკებები დასრულდა – რა განიხილეს საქართველომ და რუსეთმა >>

„ახლა იწყება ჟენევის შეხვედრა. შესაძლოა, საუბარი გაიმართოს ჩვენ წარმომადგენელსა და (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი) კარასინს შორის, პირველ რიგში, რასაკვირველია, ჟენევის დისკუსიების თემატიკის ფარგლებში. ეს გამოჩნდება“, – აღნიშნა აბაშიძემ.

თუ ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენელი პირადად ვერ შეძლებს გრიგორი კარასინთან გასაუბრებას, ამის შესაძლებლობა მოგვიანებით ექნება თავად აბაშიძეს. დიპლომატის თქმით, კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა სექტემბერში პრაღაში გაიმართება.

„პრინციპში, დიახ, ძალაში რჩება (შეხვედრა კარასინთან). ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი სურათი იქნება. წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება“, – აღნიშნა აბაშიძემ.

პრაღის მოლაპარაკება – ორ ქვეყანას შორის არაფორმალური დიალოგია, რომელიც 2012 წლიდან მიმდინარეობს. მხარეები ტრადიციულად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

დიალოგის შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობის შემდეგ.

საპროტესტო ტალღა აგორდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში სპიკერის სავარძლიდან მისი გამოსვლის საპასუხოდ. ოპოზიციამ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, რადგან ქვეყანაში არა მარტო შემოუშვეს ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილიც დაუთმეს. ხელისუფლებამ მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა“ უწოდა.

20-21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. არეულობისა და აქციის შემდგომი დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

კარასინი: რუსეთი მაინც გააგრძელებს ურთიერთობების დალაგებას საქართველოსთან >>

თბილისში მიმდინარე არეულობის ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია არ გაეყიდათ საქართველოს მიმართულებით საგზურები. მომიტინგეები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მინისტრს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან გავრილოვი ქვეყანაში შემოუშვა და აქციის დაშლის დროს პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (150)

მთავარი თემები