13:33 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა

© photo: Mamuka Bakhtadze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (331)
106 0 0

პრემიერის განმარტებით, მომხდარს მიეცემა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება, მათ შორის ძალის შესაძლო გადამეტების მიმართულებით.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ის  რაც 20 ივნისს პარლამენტში მოხდა, შეცდომაა, არ უნდა მომხდარიყო, ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულწრფელი ვნებათაღელვა, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციისთვის გამოიყენა და შედეგად დაზარალდნენ ადამიანები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, იუწყება პირველი არხი.

საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.

პრემიერის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ცდილობს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ოპოზიციამ ისარგებლა ადამიანების  გულწრფელი პროტესტით და შეეცადა, ეს გამოეყენებინა პროვოკაციისთვის.

პრემიერის განცხადებით, ის, რაც 20 ივნისს დილით ვიხილეთ, იყო ძალიან მძიმე სურათი ქართველებისთვის. ამან ძალიან დიდი ნეგატივი მოიტანა. მისი თქმით, ხელისუფლება სოლიდარული იყო იმ შეფასებებისა, რაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა.

ბახტაძის განცხადებით, საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წევრებმაც.

„საღამოს ვიხილეთ გულწრფელი და სამართლიანი პროტესტი, მათ შორის, ეს მოდიოდა ჩვენი ახალგაზრდებისგან და ჩვენ, ყველა ერთიანი ვართ ამ შეფასებაში. მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობს, დესტაბილიზაცია შემოიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისარგებლა გულწრფელი პროტესტით და შეეცადა, ეს გამოეყენებინა პროვოკაციისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის  განცხადებით, გავრცლებულ კადრებში ცხადად ჩანს, თუ როგორი აგრესიული შეტევა იყო პოლიციელებზე და პარლამენტზე.

„ვიხილეთ მძიმე კადრები და დავინახეთ, რომ სამართალდამცავები პარლამენტის შენობის პერიმეტრს არ გაცილებიან, ვიდრე იყო ამის თეორიული შესაძლებლობა. მიმდინარეობდა შეტევა პარლამენტის შენობაზე, ძალადობა პოლიციელებზე და ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ ე.წ. სპეციალური საშუალებები, რომ დაეშალათ აგრესიულ ადამიანთა ჯგუფი“, – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ახლა ყველაზე მთავარია,  დაზარალებული მოქალაქეებისა და პოლიციელების ჯანმრთელობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას საუკეთესო კლინიკებში, მათ შორის, საზღვარგარეთ, ასევე ჩამოიყვანს საუკეთესო სპეციალისტებს, ვინაიდან, მისი შეფასებით, ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - მომიტინგეები გახარიას გადადგომას მოითხოვენ>>

პრემიერის განმარტებით, მომხდარს მიეცემა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება, მათ შორის, ძალის შესაძლო გადამეტების მიმართულებით. გამოძიების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კი, პროცესში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ომბუდსმენს და საერთაშორისო საზოგადოებას.

„პოლიცია იძულებული იყო, დაეცვა კანონი. აქვე გაჩნდა კითხვები, ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ძალის გადამეტებას. სწორედ ეს არის კითხვის ნიშნები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს გამოძიების მიერ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები, უკვე მეექვსე დღეა, რაც მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა. დაშავებულებიდან მკურნალობას ამ დროისთვის 13 პაციენტი განაგრძობს.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს>>

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნიკა (ნიკანორ) მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ლომჯარია რუსთაველზე საპროტესტო აქციის დროს დაშავებულების რეაბილიტაციას დააკვირდება>>

ამასთან, შსს განაგრძობს იმ პირთა იდენტიფიკაციას, რომლებიც 20–21 ივნისის აქციაზე აშკარად ძალადობრივად მოქმედებდნენ – ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცველებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. ამ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად ზომები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, აღნიშნავენ პროკურატურაში.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (331)

მთავარი თემები