თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. შესაძლოა საქართველოს პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა (ნიკანორ) მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება, ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება პირველი არხი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნიკა (ნიკანორ) მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
გიორგი კახიანის განცხადებით, ხვალ პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, პარლამენტმა იმსჯელოს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე.
„მოგეხსენებათ, პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით, იმუნიტეტი ვრცელდება დაკავებასა და ჩხრეკაზე. ანუ პროკურატურა ვერ განახორციელებს პარლამენტის წევრის დაკავებას ან ჩხრეკას პარლამენტის თანხმობის გარეშე. ამჟამად, პროკურატურისგან შემოსულია თხოვნა, რომ დროებით შეუჩერდეს ნიკანორ მელიას იმუნიტეტი. პარლამენტი ამ საკითხზე ბუნებრივია, იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, პასუხისგებაში მიცემა არ არის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია, ეს არის გენერალური პროკურატურის უფლებამოსილება. კახიანმა აღნიშნა, რომ პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული, მათგანაც მოისმენენ დამატებით, თუ რამე მტკიცებულებები არსებობს.
„საზოგადოებას აქვს ინფორმაცია და ნახა, ნიკანორ მელია რა მონაწილეობას იღებდა ამ საპროტესტო აქციის დროს. არ დავიწყებ შეფასებებს, რა გააკეთა... არ გამოვრიცხავ, პარლამენტმა ხვალ მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე (სსკ–ის 225–ე მუხლი).
„შენ ხარ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება“ - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას მიმართავს>>
თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.
ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.