თბილისი, 8 მარტი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ ახალი წევრების შერჩევისა და მიღების პროცესს საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი კურირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასე უპასუხა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური კომპანია დაიქირავა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიისთვის ახალი წევრების მოსაძებნად.
„პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა ნიჭიერი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვის პროცესი, ამ საქმით ჩემი რამდენიმე მეგობარიცაა დაკავებული. ვერ დავადასტურებ, რომ სოზარ სუბარი უცხოური კომპანია გახდა. მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს პროცესი პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობდა და დღესაც აქტიურად გრძელდება“, - განაცხადა ბახტაძემ.
ბახტაძემ მმართველ პარტიაში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზეც ისაუბრა.
„ირაკლი ყოველთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი იყო... ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ პარტიის შექმნის დღიდან ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ამ თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია“, - განაცხადა ბახტაძემ.
„ახალი სისხლი“
ცოტა ხნით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და აქტიურადაა დაკავებული გუნდში ახალი წევრების მოზიდვით. კობახიძის თქმით, ახალი კადრების შერჩევის პროცესი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურია და გადაწყვეტილებებიც პოლიტიკური პროცესების საფუძველზე იქნება მიღებული.
საქართველოს პარლამენტმა ასობით კანონპროექტი მიიღო, - აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ განახლების საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერდა მხარს, 2018 წლის ოქტომბრის არჩევნების პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში დამარცხდა.
გამარჯვება მან მხოლოდ მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ივანიშვილი შეუერთდა.
ამასთანავე, საქართველოს მმართველი პარტიისთვის 2019 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა - დეპუტატებმა ნელ-ნელა დაიწყეს „ქართული ოცნების“ რიგების დატოვება.
შედეგად, პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველა აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორება მიღებულია, შეუძლებელია, ეს მოვლენა პარტიის იმიჯზე არ ასახულიყო.
განხეთქილება „ოცნებაში“
„ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება სასამართლოს სკანდალის ფონზე დაიწყო. მმართველი პარტიის ერთ ჯგუფსა და უმრავლესობის დანარჩენ წევრებს შორის ურთერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია და დეპუტატებს მისი დაჩქარებული წესით განხილვა სთხოვა. როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა ნაკლებობას განიცდის.
სკანდალი მაშინ დაიწყო, როდესაც გაირკვა, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც აბრალებდნენ წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით გადაწყვიტა, შეეჩერებინა პროცესი და უზენაესი სასამართლოსთვის მოსამართლეთა შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები შეემუშავებინა, პარალელურად კი პარტია განემტკიცებინა. პარტიის განახლების ფარგლებში, „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი დაინიშნა პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე, რომელიც მანამ გია ვოლსკის ეკავა. გია ვოლსკი კი ახლად შექმნილ - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.